რუმინეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ლუდოვიკ ორბანის მემარჯვენე-ცენტრისტული უმცირესობის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, რაც ამავდროულად მის დათხოვნას გულისხმობს.
უნდობლობის გამოცხადებას 261-მა რუმინელმა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.
ვითარების გამწვავება პარლამენტსა და მთავრობას შორის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას მოჰყვა. ოპოზიციის განცხადებით, ორბანის მთავრობა საარჩევნო რეფორმის გატარებას საყოველთაო-სახალხო განხილვების გარეშე ცდილობდა.
"პარლამენტმა დაითხოვა ამჟამინდელ მთავრობა", - ციტირებს სააგენტო Reuters-ი ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ მარჩელ ჩოლაკის სიტყვებს.
მიუხედავად უნდობლობის გამოცხადებისა, ლუდოვიკ ორბანი კმაყოფილია თავისი მთავრობის მუშაობით.
"ჩვენ ვამაყობთ იმით, რისი გაკეთებაც მოვახერხეთ სამი თვის განმავლობაში. ვეცადეთ გამოგვესწორებინა წინა მთავრობის მიერ მიყენებული ზიანი", - თქვა ორბანმა.
ამის შემდეგ, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანესი გამართავს კონსულტაციებს, რათა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და მთავრობის ფორმირება უბრძანოს.
რუმინული მედიის ნაწილი იტყობინება, რომ პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას კვლავ ლუდოვიკ ორბანს მიანდობს.
ლუდოვიკ ორბანის მთავრობა სახელმწიფოს მართვას გასული წლის ნოემრიდან შეუდგა, მას შემდეგ რაც რუმინეთიის მმართველი კოალიცია, პრემიერ ვიორკა დენჩილეს ხელმძღვანელობით, დაიშალა.