ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის დაკავებული - ხულიგნობა და მუქარა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის სასამართლომ ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დღეს კი მას სისხლის სამართლის საქმეზე ახალი ბრალი წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას ვახტანგ რობაქიძე დაუპირისპირდა. მან ოხანაშვილს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ადასტურებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მომხდარზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.