ENG / RUS

როგორც მხატვარი, ყოველდღე ვსწავლობ. გუშინდელი ნასწავლი დღეს აღარ მაკმაყოფილებს - ოთარ მეგრელიძე

რესპოდენტის შესახებ

ოთარ მეგრელიძე - მხატვარი, კალიგრაფი, ილუსტრატორი. იგი ორიგინალური სტილის გრაფიკოსია, რომელსაც ამავე დროს შთამბეჭდავი ნამუშევრები აქვს ისეთ შემოქმედებით მიმართულებებში, როგორიცაა: ქსოვილის დიზაინი, ბატიკა, გობელენი, პოპარტი, ფერწერა და ანიმაციის გრაფიკა.

ოთარ მეგრელიძე - მხატვარი, კალიგრაფი, ილუსტრატორი. იგი ორიგინალური სტილის გრაფიკოსია, რომელსაც ამავე დროს შთამბეჭდავი ნამუშევრები აქვს ისეთ შემოქმედებით მიმართულებებში, როგორიცაა: ქსოვილის დიზაინი, ბატიკა, გობელენი, პოპარტი, ფერწერა და ანიმაციის გრაფიკა.

ოთარ მეგრელიძე: ჩემი ნამუშევრები, ჩემთვის გამოხატვის საშუალებაა. მგონია, რომ უფრო სულის საზრდოა, ვიდრე - გონების. წარსულთან კავშირია. წარსულის გარეშე ხომ ვერ ვიქნებოდით. მგონია, რომ ჩემი ნამუშევრებით ერთგვარი კავშირს ვამყარებ. თუ ფესვებს მოწყდებით, მომავალი აღარ გექნება. პროტესტი ხელოვანის საქმეა, თუმცა მე ამას არ ვიყენებ...

სილამაზესაც ვაქცევ რა თქმა უნდა, ყურადღებას. ფერების შეხამებას, ესთეტიკას. ქსოვილით მუშაობა, ძალიან რთული, მაგრამ ამავე დროს, ძალიან სასიამოვნოა. ვთქვათ, რაღაც ქსოვილის დააწებებ და ნახავ არ მოუხდა, მერე ეს უნდა ააძრო... სანამ გადაწყვეტ გამოიყენო თუ არა, ესა თუ ის ქსოვილი ან ფერი, ბევრი უნდა იფიქრო. ადვილი არ არის.

- ბატონო ოთარ, თქვენ ამბობთ, რომ პროტესტი ხელოვანის საქმეა, მაგრამ ამ ფორმას არ იყენებთ. რატომ?

- მე არ მიყვარს, ასე ვთქვათ, გამოცანა ნახატები. მირჩვენია, სათქმელი იყოს ის, რაც ხატია. როცა მხატვარი, მწერალი გულწრფელია, ისედაც დაინახავს ადამიანი პროტესტსაც, სილამაზესაც... ხშირად ყოფილა, მაგალითად, ჩემს ნახატში ისეთ რამე დაუნახავთ, რაზეც მე ხატვის პროცესში არ მიფიქრია. ეს  მხოლოდ მხატვრობაში არ ხდება. ეს ასეა მწერლობაში, მუსიკაში და ა.შ. შეიძლება იყოს ათეისტი მწერალი, მაგრამ ისეთი რამ დაწეროს, თუნდაც ერთი ფრაზა, რომ აბსოლუტურად საწინააღმდეგო იყო მის შეხედულებებთან და ეს სხვამ შენიშნოს, მკითხველმა.

- როცა ისეთ რამეს ამჩნევენ, რაზეც ხელოვანს არ უფიქრია, ეს კარგია თუ ცუდი?

- რა თქმა უნდა, კარგია. სასიამოვნოა, როცა ადამიანს შენი ნამუშევარი ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად, აფიქრებს და ეხმარება. თუ ვინმეს მოწონს ვინმეს ვახარებ, მეც მიხარია.

- როგორ და რაში უნდა ეხმარებოდეს ხელოვნება ადამიანს?

- ჩემი აზრით, ხელოვნება ადამიანებს უნდა ეხმარებოდეს სილამაზის დანახვაში, აღქმაში ან უბრალოდ, იმაში, რომ  პოზიტივი მიიღოს. სიკეთე აჩვენოს, თუ ასე შეიძლება ითქვას. სიცოცხლის აზრიც ხომ ეს არის - გამოცდა მარადისობისთვის. თუ როგორ გადავალთ მარადისობაში, ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი არჩევანი - შეუძლია აირჩიოს სიკეთის გზა, ან სხვა...

- ბატონო ოთარ, თქვენს ნამუშევრებში არის ქსოვილი და საღებავთან ერთად და ასე იქმნება ნამუშევრები. რატომ გადაწყვიტეთ ქსოვილის შეტანა ფერწერაში?

- სამი წელი ვაბარებდი აკადემიაში, ფერწერაზე მინდოდა. მეოთხე წელს კი ჩავაბარე ქსოვილების ფაკულტეტზე. ქსოვილები ჩემი პირდაპირი ხაზია. შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს გამომეყენებინა და მოვსინჯე. ახლა უკვე სხვანაირად ვეღარ ვხტავ. ძირითადად, ამ სტილში ვმუშაობ.

- თუმცა არის კიდევ ერთი, კალიგრაფი ხართ და ესეც შერწყმულია თქვენს ნამუშევრებში...

- შეიძლება მოვყვე, როგორ ჩავაბარე აკადემიაში?

- რა თქმა უნდა, გისმენთ.

- 1980 წელს მე და ჩემმა მეგობარმა დავიწყეთ მოგზაურობა საქართველოში. წავიღეთ მოლბერტები, ჯერ ლენტეხში ავედით, შეემდეგ კასპში, სიღნაღში... ვხატავდით ძველ ეკლესიებს, ჩუქურთმებს, ციხესიმაგრეებს... შემდეგ ეკლესიის ეზოში საფლავის ქვებზე ვნახე ეპიტაფიები, რომელიც უმეტესად მხედრული დამწერლობით იყო შესრულებული. ეს იმდენად ლამაზი იყო ძალიან მომეწონა. მაშინვე ჩანახატი გავაკეთე და რომ დავბრუნდი ვარჯიში დავიწყე. აკადემიაში, რომ ვაბარებდი, ერთი ქულა მაკლდებოდა, ქართულში მქონდა წერა, ოთხიანი რომ მიმეღო ვერ ვხდებოდი. ხუთიანი უნდა მიმეღო. ჰოდა, დავწერე ამ კალიგრაფიით და მივიღე ხუთიანი. კალიგრაფიამ გადამარჩინა და ასე ჩავაბარე აკადემიაში. ასე, რომ ჩემთვის ქსოვილიც მნიშვნელოვანია და კალიგრაფიაც.

- რა უნდა იცოდეს მხატვარმა, რა არის მთავარი?

- ვერ გეტყვით. ყოველდღე ვსწავლობ. გუშინდელი ნასწავლი დღეს აღარ მაკმაყოფილებს. ამიტომ არის, რომ გამოფენის მოწყობას დრო სჭირდება. მუშაობ, ხატავ მერე რომელიღაც არ მოგწონს, გადაარჩევ და საზოგადოების წინაშე რომ წარსდგე, ამას დრო სჭირდება, სწავლა.

- თქვენი აზრით, საქართველოში მხატვრებს შეუძლიათ თავისი შემოსავლებით იცხოვრონ?

- უჭირთ ხელოვან ადამიანებს. ვფიქრობ, გამოსავალი ცხოვრების დონის გაჯანსაღებაშია. არ იყოს სიღატაკე. ეს არის ყველაფრის უბედურება. ჩვენს ერს უყვარს ხელოვნება, მაგრამ ბევრ ადამიანს, ვისაც უნდა ჰქონდეს ნახატი, არ აქვს საშუალება. მხატვრისთვის ძნელია ნამუშევრების გაყიდვა, მაგრამ მხოლოდ უცხოელებითვის ხომ არ ხატავ, გინდა რომ შენს ქვეყანაში დარჩეს. ვფიქრობ, გამოსავალი მაინც ცხოვრების დონის ამაღლებაა.

- თქვით, რომ მხატვრისთვის ძნელია ნამუშევრების გაყიდვა, გიჭირთ შეელიოთ?

- თითოეული ნახატი, მხატვრის ნაწილია. თავიდან მწყდებოდა გული, თუმცა მნიშვნელოვანია რომ შენი ნახატები სხვამაც ნახოს და არ იყოს ჩაკეტილი. ამიტომ სჯობს გაჩუქდეს, გაიყიდოს შედარებით იაფად,  ვიდრე იყოს ჩაკეტილი.