ოპოზიცია 28 ნოემბერს პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს, ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიას ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისივე თქმით, იქნება "სირცხვილის დერეფანი", რადგან, სწორედ, 28 ნოემბერს იგეგმება პარლამენტის პლენარული სხდომის გამართვა. ვაშაძის განმარტებით, ხუთშაბათის აქცია ფართომასშტაბიანი ხასიათის არ იქნება.
პარასკევს ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. ვაშაძის თქმით, ეს დოკუმენტი ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსვლის გზას სთავაზობს.
"მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, პიკეტირებას გავაგრძელებთ იმის შესაბამისად, რა დღის წესრიგიც პარლამენტში იქნება", - აღნიშნავს ვაშაძე.
ოპოზიციური პარტიები მასშტაბური მიტინგის გამართვას გეგმავენ, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.