დღეს, 23 ნოემბერს, უკრაინაში აღნიშნავენ მასობრივი შიმშილობის, ჰოლოდომორის, ტრაგედიის 86-ე წლისთავს, რომელმაც 1932-33 წლებში უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსენების დღესთან დაკავშირებით უკრაინაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობლემა მიტროპოლიტმა ეპიფანემ აღნიშნა:
"ვმადლობდეთ ღმერთს, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია სიმართლეს თვალებში შევხედოთ და ხმამაღლა ვილაპარაკოთ ამ ტრაგედიაზე, რადგან ბოროტება არ უნდა იმალებოდეს, როგორც ადრე, ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა მთავრობების მიერ".
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ისტორიაში არის გვერდები, რომელთა გახსენება ძალიან მტკივნეულია, თუმცა მათი დავიწყება შეუძლებელი.
ჰოლოდომორის მსხვერპლთა დღეს უკრაინაში ყოველი წლის ნოემბრის მეოთხე შაბათს აღნიშნავენ.
მასობრივი შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის პოლიტიკით, რომელმაც გლეხებს აიძულა გაწევრიანებულიყვნენ კოლექტიურ მეურნეობებში. რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებას.
2006 წლის ნოემბერში უკრაინის უმაღლესმა რადამ, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი აღიარა, როგორც უკრაინელი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდი.
გარდა უკრაინისა, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად სახელმწიფო დონეზე აღიარებულია მსოფლიოს 15 სახელმწიფოს მიერ.