17 ნოემბერს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" ორგანიზებით, ფინანსური განათლების თემაზე ინოვაციების ბანაკი გაიხსნება.
საქართველოს ეროვნული ბანკი და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკთან (საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ფინკა ბანკი საქართველო, თიბისი ბანკი) და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან" პარტნიორობით ფინანსური წიგნიერების თემაზე ინოვაციების ბანაკს გამართავს.
ღონისძიება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში ხორციელდება და მასში 15-დან 18 წლამდე ასაკის 110 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მოსწავლეები მთელი დღის განმავლობაში გუნდურად იმუშავებენ კონკრეტული გამოწვევის გარშემო. ღონისძიების დასასრულს კი თითოეული გუნდი წარადგენს პრეზენტაციას, რომელშიც ინოვაციური და ეფექტური გზებით მოხდება პრობლემის გადაჭრა.
კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და დააჯილდოებს საუკეთესო გუნდს.