დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 44 599.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 9.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. "საქსტატის" ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.8 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4.4 პროცენტით განისაზღვრა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.2 პროცენტი), მშენებლობა (8.3 პროცენტი), სოფლის,
სატყეო და თევზის მეურნეობა (7.8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.1 პროცენტი).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (13.8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (5.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (10.5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (4.1 პროცენტი), განათლება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (4.5 პროცენტი). კლება აღინიშნა მშენებლობის დარგში (-7.2 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქსტატმა ეროვნული ანგარიშების წარმოებაში ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა, რაც დაკავშირებულია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვასთან.
ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ეროვნულ ანგარიშებში მთელ რიგ ცვლილებებს განაპირობებს, რაც უკავშირდება მშპ-ს და ეროვნული ანგარიშების სხვადასხვა აგრეგატების გაანგარიშებას ახალი სტანდარტების შესაბამისად, ასევე მონაცემთა წყაროს არსებით გაუმჯობესებას, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.
ეას-ის ძველსა (SNA 1993) და ახალ მეთოდოლოგიას (SNA 2008) შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან.
გარდა ზემოთქმულისა, ეროვნული ანგარიშების წარმოებაში დაინერგა ეკონომიკური საქმიანობის სახეების ახალი კლასიფიკატორი (NACE rev.2).
ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული 2018 წლის მშპ-ს და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების გაანგარიშებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა წინა წლების მონაცემებთან შესადარისობის საკითხი, რაც გულისხმობდა ისტორიული მწკრივების გადაანგარიშებას, რათა უზრუნველყოფილიყო ახალი მეთოდით გაანგარიშებულ 2018 წლის მონაცემებთან წინა პერიოდის მონაცემების სრული ჰარმონიზება. შესაბამისად საქსტატმა გადაიანგარიშა 2010 წლიდან არსებული მონაცემები.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს მშპ-ს მიმდინარე ფასებში, გადაანგარიშებამდე (SNA 1993-ის შესაბამისად) და მის შემდეგ, ხოლო პრეს-რელიზში წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ (SNA 2008-ის შესაბამისად) მონაცემებს.