სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საარჩევნო სიების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, განაგრძობს პროექტს – „საარჩევნო სიების სრულყოფა“, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია მოქალაქეთა დოკუმენტებში მითითებული მონაცემების დაზუსტება.
აღნიშნული პროექტის მიზანია სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ერთიანი საარჩევნო სიის გადაცემა.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების რაოდენობის შემცირებაა, რომლებიც მისამართის არარსებობის გამო საარჩევნო სიაში ვერ ხვდებიან.
ინფორმაციისთვის, მოქალაქე რეგისტრაციიდან შეიძლება მოიხსნას სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ამის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს საცხოვრებელი ფართის ახალი მესაკუთრის პირადი განცხადება, მისი საკუთრებიდან ძველი მფლობელის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.
პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, ზემოაღნიშნული გარემოების გამო რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქეებმა ხელახლა გაიარეს კონკრეტულ მისამართებზე რეგისტრაცია და პირადობის მოწმობის მისაღებად ჩააბარეს განაცხადი, რის საფუძველზეც ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაშიც დარეგისტრირდებიან.
მოქალაქეთა დოკუმენტებში მითითებული მონაცემების დაზუსტებისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფის მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2019 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე, იმ კატეგორიის პირებისთვის, რომლებსაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა აქვთ, პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია მიმდინარეობს. მათ შორის არიან რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები.
რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქეებმა პირადობის მოწმობის მისაღებად უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. პირმა ახალ მისამართზე რეგისტრაციისთვის უნდა წარადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი/მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი მოქალაქის დასტური კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის შესახებ.
2019 წელს, პროექტის ფარგლებში, აქციით ისარგებლა რეგისტრაციიდან მოხსნილმა 870-ზე მეტმა მოქალაქემ, ხოლო 2016 წლიდან დღემდე, ამავე კატეგორიის 15700-ზე მეტმა მოქალაქემ სრულიად უსასყიდლოდ აიღო პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი და დარეგისტრირდა კონკრეტულ მისამართზე.