უესტმინსტერის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით 32-ე ყოველწლიურ ღონისძიებას "საქართველოს დღე", რომელიც მიეძღვნა თემას "საქართველო, როგორც განათლებისა და მეცნიერების ჰაბი".
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საელჩოსა და უესტმინსტერის უნივერსიტეტის თანა-ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სამეფოში აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლებმა.
კონფერენცია გახსნეს დამაარსებელმა და თანა-ორგანიზატორმა თამარა დრაგაძემ და უესტმინსტერის უნივერსიტეტის, ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის პრეზიდენტმა, პროფესორმა, ენდრიუ ლინმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მთავარი მომხსენებლების სტატუსით მიმართეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის, საგარეო ურთიერთობათა და რბილი ძალის დეპარტამენტის დირექტორმა პოლ ბრამელმა.
თავის გამოსვლაში, საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა ლონდონში "საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერასა და მის მნიშვნელობას.
საქართველოს ელჩმა, ასევე ისაუბრა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე და ამ კუთხით საქართველოს მთავრობის წარმატებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.
თავის მხრივ პოლ ბრამელმა მიმოიხილა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებით აღნიშნა მჭიდრო აკადემიური, კულტურული და ხალხთა შორისი კავშირები ორ ქვეყანას შორის.
კონფერენციის ფარგლებში, ჯო სიმენმა (Jo Seaman) საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს ყოფილმა დირექტორმა, წარმოადგინა საქართველოს შესახებ დაწერილი საკუთარი წიგნი "Roses down the barrel of a gun- Georgia love and revolution".