"რა სჭირდება საქართველოს ოპოზიციას დასავლეთისგან", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Bloolmberg-ი.
სტატიის ავტორის, ელაი ლეიკის თქმით, პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიცია რუსეთის წნეხის წინააღმდეგ არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ივანიშვილს რეალური პოლიტიკური ოპოზიცია ჰყავს.
სტატიის ავტორი საქართველოს პოლიტიკური ვითარების აღწერისას შენიშნავს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და სხვა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ ანგარიშებში "ხელისუფლების მიტაცების" ნიშნებსა და სისტემურ კორუფციაზე წერდნენ.
"ამის მიუხედავად, საქართველოში პრესა თავისუფალია. ივანიშვილს რეალური პოლიტიკური ოპოზიცია ჰყავს. ქვეყანა ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს. ამრიგად, შეერთებული შტატები და ევროპა საქართველოს აღქვამს, როგორც დამოუკიდებელ და მოკავშირე ქვეყნად", - წერს ჟურნალისტი.
"დღესდღეობით, საქართველო, როგორც მყიფე დემოკრატია, ახალი გამოწვევების წინაშე დგას. რამდენიმე დღის წინ, პარლამენტარებმა ახალ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია აირჩიეს, რომელიც ოპოზიციას ჩახშობას დაჰპირდა. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ის სერიოზულ საფრთხედ იყოს მიღებული.
ზაფხულში, როცა გახარია შს მინისტრი იყო, ის ხელმძღვანელობდა ანტისამთავრობო გამოსვლების ძალადობრივ დარბევას. მაშინ, როდესაც ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ თავიანი კარიერის დიდი მანძილი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აღმოცენებული ახალი რესპუბლიკის მშენებლობას მოანდომეს, გახარია დროს მოსკოვში ატარებდა, როგორც ბიზნესმენი და მან რუსეთის მოქალაქეობა მხოლოდ 2013 წელს დათმო", - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ "მაშინ, როდესაც გიორგი გახარია ამბობს, რომ აშშ რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ და აკრიტიკებს რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის გამო, ამის კვალდაკვალ, ის თავს ესხმის ანტირუსულ პარტიებს. ამ მხრივ, მას ბევრი აქვს საერთო თავის პოლიტიკურ მფარველთან".
"ივანიშვილი ხშირად ამბობს სწორ რაღაცეებს რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ ის ფაქტი, რომ 5 მლრდ დოლარის ღირებულის დოლარი მან რუსეთში დააგროვა, ეჭვებს აჩენს თუ რა ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს კრემლს მასზე.
საბედნიეროდ, აშშ-საც აქვს ბერკეტი ივანიშვილზე. ვაშინგტონში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდეტნმა ბათუ ქუთელიამ მითხრა, რომ ივანიშვილი თავისი ქონების ნაწილს დასავლეთში ინახავს, რაც ამერიკის ხელისუფლებას მასზე ბერკეტებს უნარჩუნებს.
საქართველო არ არის რუსეთის მარიონეტი. მაგრამ შეუძლია თუ არა საქართველოს დასავლეთის საიმედო მოკავშირე დარჩენა, დიდ წილად დამოკიდებულია თუ როგორ იმოქმედებს პროდასავლური ოპოზიცია მომავალ არჩევნებში.
აშშ-მა უნდა გაუგზავნოს მესიჯი მმართველი პარტიის ლიდერს, რომ მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და კონკურენტული. თუ ბიძინა ივანიშვილს სურს დესპოტივით მოიქცეს, მაშინ ამერიკაც ამგვარად მოექცევა მას", - წერია სტატიაში.