საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განხორციელებას იწყებენ.
პროექტის ძირითად მიმართულებებზე და მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის.
„ახალი პროექტი მიმართულია გარემოსდაცვითი მდგარდი განათლების სისტემის დანერგვის ხელშეწყობასა და მის ინტეგრირებაზე ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე ბიზნესსექტორისა და საქართველოს მთავრობის მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფაზე ნარჩენების მართვის სექტორის გასაუმჯობესებლად. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის მიმართულებთ, რათა ვუზრუნველყოთ გარემოს დაცვა და ჩვენ მოსახლეობას მივცეთ სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ქვეყანაში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო ბაზა ემყარება იმ პრინციპებსა და მიდგომებს, რაც დამკვიდრებულია ევროკავშირის ქვეყნებში და ქმნის საფუძველს, რომ ქვეყანაში განვითარდეს ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოები, აშენდეს თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელები, წახალისდეს ნარჩენების რეციკლირება და ეფექტიანად განხორციელდეს ნარჩენების მართვის სრული ციკლი.
შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომმა დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ როლზე.
„პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება 2023 წლისთვის, გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების გარეშე ეკონომიკის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. პროექტის მთავარ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა, ბიზნესსექტორი და საქართველოს მოსახლეობა“, - აღნიშნა ულრიკ თიდესტრომმა.