საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „რუსთავის 2–ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილიც.
„იმის გათვალისწინებით, რომ გვარამია კრიტიკული მედიასაშუალების ხელმძღვანელი იყო და თავადაც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლებისადმი, ბუნებრივია, მის მიმართ დაწყებული დევნა სახალხო დამცველის ინტერესს იწვევს. მნიშვნელოვანია დასაბუთებული მსჯელობა, იმის დასადასტურებლად, რომ ეს კონკრეტული დავა სისხლის სამართლის დასჯადობის ნაწილს ეკუთვნის და ამ თვალსაზრისით, პროკურატურამ მეტი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს; უნდა დაამტკიცოს ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა, რაც ამ ეტაპზე, ჩემი მოსაზრებით არასაკმარიასია. ვგეგმავ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მივმართოთ, ასევე მზად ვარ შევხვდე პროკურატურის წარმომადგენლებს და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო“, - განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ვალდებულია საქმის მიმდინარეობის შესახებ ინტენსიურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, თუმცა, ამასთანავე თავი უნდა შეიკავოს ბრალდებულის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებისგან.