გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ამის ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურა არ აკონკრეტებს, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.