ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას აზრით, ინვესტორებისათვის დიდი საპრივატიზაციო სამიზნე "საქართველოს ფოსტაა", რომელსაც საქართველოში 900 განყოფილება აქვს. Business New Europe Magazine საუბრისას ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ საპრივატიზაციო ნუსხაში კიდევ სახელმწიფო ქონებაში არსებული ასობით შენობაა.
"ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ შედარებით იმატა წლის მეორე კვარტალში, 11%-ით გაიზარდა და სექტემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით 197 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, ეს მხოლოდ მინიმუმია კრიზისამდე და ომამდელ პერიოდთან შედარებით, როდესაც საქართველოში 2 მილიარდამდე უცხოური ინვესტიცია შემოდიოდა. წლის პირველ ნახევარში უცოური ინვესტიციების რაოდენობამ 272 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ გეგმას - 1 მილიარდს საკმაოდ ჩამოუვარდება.
ქობალია აცხადებს, რომ მიზნის მიღწევა კვლავაც შესაძლებელია, რადგან მოსალოდნელია ინვესტიციების დიდი რაოდენობით შემოდინება წლის მეოთხე კვარტალში. მინისტრი ასევე ცდილობს, მოიზიდოს ინვესტიციები აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და გაერთიანებულ არაბულ ემირატებს მიღმა - ეს ის სამი რეგიონია, საიდანაც საქართველოში ინვესტიციები შემოდის უკანასკნელი წლების განმავლობაში. "ჩვენ ვცდილობთ, დივერსიფიცირება მოვახდინოთ და აზიაშიც გავიდეთ. ჩვენი სამიზნეები ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ კორეაა", - განაცხადა ქობალიამ.