ENG/RUS

პეტრე ჩაიკოვსკის სიყვარული და ვნებები

"მე თქვენ არ მიყვარხართ და არც არასოდეს შეგიყვარებთ. თქვენი ქმრობა არ შემიძლია, მაგრამ განსაზღვრული მოვალეობის გამო, მოვალე ვარ"...

 

მშობლებს შვილთან ურთიერთობის ეშინოდათ. პატარა პეტრე ინტონაციის ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირებდა. როცა გრძნობდა, რომ ის არ უყვარდათ, დეპრესიაში ვარდებოდა. მისი კრუნჩხვები ეპილეფსიურ შეტევას ჰგავდა.

პირველად, როცა ხუთი წლის ბიჭის თითები კლავიშებს შეეხო, და მათ არადამაჯერებლად მთრთოლვარე ბგერები გამოსცეს, პიერის სულში რაღაც დაიმსხვრა. მთელი ღამე ყვიროდა, რომ მუსიკა სუნთქვას უშლიდა. იმ დროისთვის მას ჯერ კიდევ არ შეეძლო, გამოეხატა გულზე შემოწოლილი გრძნობა. ნოტები, რომლებიც მასში ჟღერდა, მოსვენებას არ აძლევდა და ტკივილს აყენებდა. შეშინებულმა დედამ შვილს როიალთან მიახლოებაც კი აუკრძალა. როგორც კი წამოიზარდა, მშობლებმა სასწავლებლად სანკტ-პეტერბურგში გაგზავნეს. სასწავლებელში გავრცელებული ეპიდემიის გამო, პეტია მამის მეგობრებმა, ვაკარების ოჯახმა შეიფარა. რამდენიმე დღის შემდეგ ამ ოჯახის 5 წლის ვაჟი დაავადდა. პეტია დღე და ღამე საბავშვო ოთახის კარს დარაჯობდა. კოლია ვაკარის სიკვდილი მისთვის არა მარტო ძლიერი სულიერი შეძრწუნება, არამედ არაადამიანური ტკივილი იყო, რომელიც გულსა და ნერვებზე მოქმედებდა.

ათი წლის ჩაიკოვსკი უყურებდა პატარა ლურჯ გვამს და ყოველ წუთს გრძნობდა, რომ ის არავის სჭირდებოდა, საკუთარ თავსაც კი, და მან პირველად შეიგრძნო ბედის უსამართლობა.

...სხვებს რომ არ ჰგავდა, ჩაიკოვსკიმ ბავშვობაშივე გააცნობიერა. მაღალი წრის ქალიშვილებს როგორც საინტერესო მოსაუბრეებს, ისე იღებდა. მათ მიმართ სხვა არანაირი ინტერესი არ გააჩნდა. თავიდან ცდილობდნენ, საზოგადოებაში გამოეყვანათ და მისთვის სასიამოვნო გოგონები გაეცნოთ, მაგრამ ის ყოველთვის ახალ-ახალ მიზეზს იგონებდა, რომ სახლში დარჩენილიყო. თუმცა, როცა ეს, ბოლოს და ბოლოს, მოხდა, ჩაიკოვსკი გადაირია. ახლა მას ეშინოდა სირცხვილის, ეშინოდა, ახლობლებისა და მეგობრების დასაცინი არ გამხდარიყო. ჩაიკოვსკი მალავდა თავის ლტოლვასა და კავშირებს კაცებთან და ოცნებობდა, რომ ერთხელაც გამოჩნდებოდა ქალი, რომლის მიმართაც მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულება არ ექნებოდა.

მომღერალ დეზირე არტოზე მთელი ევროპა ჭკუას კარგავდა, მას აღმერთებდნენ, ხელის გულზე ატარებდნენ და ყვავილებით ავსებდნენ. ჩაიკოვსკის შეუყვარდა დეზირეს ძლიერი მომაჯადოებელი ხმა, როგორც თავად მუსიკა. პირველად ცხოვრებაში პეტრეს გაუჩნდა სურვილი, ქალს დაუფლებოდა. უნდოდა, ეკოცნა მის დამცინავ ტუჩებზე, მოესმინა მისი ხმა და მთლიანად მასში გათქვეფილიყო. დეზირეს კაცური ხასიათი ჰქონდა. პეტრემ ქალს ცოლობა სთხოვა. დეზირე დასთანხმდა, თუმცა მალევე  გასტროლებზე გაემგზავრა. გამგზავრებამდე მასთან პეტრეს საუკეთესო მეგობარი მივიდა და პეტრეს ორიენტაციის შესახებ თავაზიანად აუხსნა. დეზირე შოკირებული იყო, წავიდა. ჩაიკოვსკიმ დაკარგა ერთადერთი შანსი, გამხდარიყო ისეთი, როგორიც სხვები იყვნენ.

დეზირე გასტროლებიდან აღარ დაბრუნებულა.

კომპოზიტორის მიდრეკილებების შესახებ პეტერბურგში ხმები უკვე დადიოდა. პეტრე იძულებული იყო, სკანდალისთვის თავის არიდების მიზნით, დის მამულში გამგზავრებულიყო. ომაჯადოებელმა ლანდშაფტმა და სუფთა ჰაერმა მასზე იმოქმედა და შვება იგრძნო. პეტრე თავის პატარა დისშვილებთან ერთობოდა.

როცა უკან დაბრუნდა, ჭორების გაქრობისთვის დაქორწინება გადაწყვიტა. ჩაიკოვსკიმ საცოლის ძებნა დაიწყო. ის ეძებდა ასაკიანს, მდიდარს, ულამაზოს. კომპოზიტორი იღებდა სასიყვარულო წერილებს. ერთ-ერთი ქალიშვილი 28 წლის იყო. თანამედროვე ტატიანას ანტონინა მილუკოვა ერქვა. თავდაპირველად ჩაიკოვსკი ამ წერილებს ზედაპირულად კითხულობდა და შემდეგ ისე გაიტაცა, გადაწყვიტა, შეხვედროდა. გაცნობიდან ორი კვირის შემდეგ პეტრემ ქალს ცოლობა სთხოვა.

მე თქვენ არ მიყვარხართ და არც არასოდეს შეგიყვარებთ. თქვენი ქმრობა არ შემიძლია, მაგრამ განსაზღვრული მოვალეობის გამო, მოვალე ვარ. გთხოვთ, ანტონინა ივანოვნა, გახდეთ ჩემი ცოლი”,- ანტონინაც დასთანხმდა.

ჯვრისწერის შემდეგ, როცა საცოლისთვის უნდა ეკოცნა, ჩაიკოვსკი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყელში რაღაც ახრჩობდა. თავი ძლივს შეიკავა, რომ ხელი არ ეკრა უკვე ცოლისთვის.

გადიოდა დღეები, ჩაიკოვსკი უცნაურად იქცეოდა და არ ჩქარობდა, ქმრის მოვალეობა შეესრულებინა. ახალგაზრდა ცოლი მოუთმენლად ელოდა. ის იღებდა მაცდუნებელ პოზებს. მის წინაშე დადიოდა ქვედა საცვლით, მაგრამ აღტაცების ნაცვლად მხოლოდ ზიზღს ხედავდა. ქალმა ყველაფერი გვიან გაიგო, როცა ზამთარში ერთიანად გალუმპული ჩაიკოვსკი სახლში დაბრუნდა და თქვა, რომ შემთხვევით ნევაში ჩავარდა. სინამდვილეში ის თვითმკვლელობას ცდილობდა, მაგრამ დროულად მოეგო გონს და წყლიდან გამოვიდა. კომპოზიტორს ციება დაემართა, ბოდვა დაიწყო.

ერთხელ ღამით მოულოდნელად გონს მოვიდა. აქ, როგორც იქნა, ჩაიკოვსკიმ ამოხეთქა. ანტონინას ყველაფერი უამბო. ქალს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა განქორწინება. თუმცა, მადამ ჩაიკოვსკაიამ თავისი უფლებები ხელიდან არ გაუშვა და არშემდგარი ქმრის დაშანტაჟება დაიწყო. ემუქრებოდა, რომ ჟურნალისტებს ეტყოდა ამ საშინელ საიდუმლოს. ჩაიკოვსკი მას ფულს უხდიდა. ამ ფულს კი სხვა ქალისგან იღებდა, რომელსაც პეტრე სიგიჟემდე უყვარდა.

ბედი უცნაურად წარიმართა. ერთადერთი ქალი, რომელიც კომპოზიტორის მიმართ აუხსნელ ლტოლვას განიცდიდა, მასზე გაცილებით უფროსი იყო. მას უკვე შვილიშვილები ჰყავდა. ნადეჟდა ფონ მეკი წლიდან წლამდე ფულს აძლევდა ჩაიკოვსკის. იხდიდა მის ანგარიშებსა და მოგზაურობის თანხებს. რა უნდოდა მას სანაცვლოდ? არაფერი. მისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ის, რომ ჩაიკოვსკი არსებობდა. ორივეს პანიკურად ეშინოდა შეხვედრის, ამიტომაც მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ნადეჟდა უყურებდა თავის თავს სარკეში და ხვდებოდა, რომ მათ შორის არაფერი იქნებოდა. წლები, რეპუტაცია, უფროსი ქალიშვილების განსჯა. ჩაიკოვსკის კი ეშინოდა იმის გამო, რომ მისი კეთილი მეგობარი გაიგებდა, რა ურჩხულიც იყო. ეს საოცარი სიყვარულ - მეგობრობა მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ერთხელაც, ჩაიკოვსკის შიში რეალობად იქცა, ნადეჟდას ვიღაცამ უამბო მისი შეყვარებულის საიდუმლო ცოდვები. ფონ მეკი შეურაცხყოფილი დარჩა და კომპოზიტორთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა.

შემდეგ ჩაიკოვსკიმ გაიგო, რომ ნადეჟდა გაკოტრდა და სიღარიბესა და მარტოობაში კვდებოდა. ის შეეცადა, დახმარებოდა, მაგრამ ფონ მეკმა მის დახმარებაზე უარი განაცხადა. ჩაიკოვსკი უკვე ცნობილი კომპოზიტორი იყო. თუმცა, თანდათან იძირებოდა დეპრესიის ქვიშაში, ნაკლებად გადიოდა საზოგადოებაში. მასთან ყოველთვის იმყოფებოდა მისი დისშვილი, მემკვიდრე და ერთადერთი სიყვარული. ჩაიკოვსკი არაერთხელ შეეცადა, ძალა მოეკრიბა და ურცხვი ლამაზი ყმაწვილი შორს გაეგზავნა, მაგრამ ვერ შეძლო. ის ამ ბიჭს აღმერთებდა. კომპოზიტორს ერთი რამ სურდა, მომკვდარიყო მანამ, სანამ მისი საიდუმლო ყველასთვის ცნობილი გახდებოდა. რატომღაც ხშირად ახსენდებოდა პატარა კოლია ვაკარის სიკვდილი. ბობის მიმართ სიყვარულსაც ის ისე იღებდა, როგორც წარსული ცოდვების გამოსყიდვას.

ერთხელ, საღამოს, ვახშმისას ჩაიკოვსკი აუდუღარ წყალს სვამდა. მას ეუბნებოდნენ, რომ წყლის დალევა ქოლერის ეპიდემიისას სიგიჟე იყო. ავადმყოფობამ დიდხანს არ აცდევინა. მეორე დღესვე ჩაიკოვსკიმ თავი ცუდად იგრძნო. თუმცა, ავადმყოფობა კი არ სტანჯავდა, არამედ ის, რომ ბობი მისი პირღებინების მოწმე გახდებოდა. სულ მალე გონებაც დაკარგა. 1893 წლის 25 ოქტომბერს ქოლერისგან გარდაიცვალა.

დადიოდა ხმები, რომ მან საწამლავით თავი მოიკლა. პეტერბურგის კლუბმა კი დიდ კომპოზიტორს ბრალი დასდო მცირეწლოვანი ბიჭების შეცდენაში.

მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა, "ჯი-ეიჩ-ენი"