ყოფილ შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. მერაბიშვილის საქმე კომისიამ 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე ეცნობა.
„უდოს“ კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა 25 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა.
„ახალი გარემოება არ არსებობს, ხოლო ყველა ის გარემოება და ფაქტი, რომელიც არსებობდა აქამდე მასზე სასამართლომ უთხრა, რომ ვერ გამოდგებოდა უარისთვის. გვრჩება განცდა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მიმდინარეობს მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა. იმ ფონზეც კი, როცა სასამართლომ მიუთითა, რომ არგუმენტები რომლითაც უარს ეუბნებიან გათავისუფლებაზე არ გამოდგებოდა და ამის გამო გააუქმა ეს ადმინისტრაციულ-ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, ჩვენ მივიღეთ ისევ იგივე. ვერ შევალთ შინაარსში, იმიტომ რომ, არ ვიცით შინაარსი. მერაბიშვილმა თავად დაუწერა განცხადება და ველოდებით დასაბუთებას. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმ არგუმენტებზე, თუ რითი ეთქვა უარი“,-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
პატიმრობის კოდექსის თანახმად, ე.წ. უდო ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში გამოიყენება მაშინ, თუ მსჯავრდებულს მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი მსაჯვრებულს სასჯელის 2/3 უნდა ჰქონდეს მოხდილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მანამდე შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის - 1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე; 2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი; 3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე; 4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი; 5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს.
მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, მე-5 მუხლთან ერთად.