იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად.
მინისტრის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით.
„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები − ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს არის ამოსავალი წერტილი სწორედ უვიზო მიმოსვლისა, რომ ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის − ჩასვლის და ჩამოსვლის − უნიკალური შესაძლებლობა.
ვისაუბრეთ იმაზე, რომ უვიზო რეჟიმი არის ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ვისაც ევროპული არჩევანი წინაპრების დროიდან აქვს გაკეთებული, და მათი ევროპული მომავლისათვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომ თავიანთი თანამოაზრეები, მეგობრები ევროპაში მოინახულონ, გაეცნონ იქაურ სისტემას ან, თუნდაც, საზაფხულო სკოლაში მიიღონ მონაწილეობა მოკლე ვადით და რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ“, − აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, რაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი. საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით გამკაცრდა გვარისა და სახელის შეცვლის რეგულაციები ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც, მაგალითად, მოქალაქე, რომელმაც ერთი გვარით ჩაიდინა დანაშაული ევროკავშირის ტერიტორიაზე, იცვლის გვარს და მოკლე ვადაში ახალი ვინაობით მიემგზავრება კვლავ შენგენის ზონაში; საქართველოს პარლამენტი კი განიხილავს კანონს, რომელიც უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას ითვალისწინებს.
შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად არსებული პრობლემების დაძლევა შესაძლებელი გახდება და საქართველო შეინარჩუნებს ისტორიულ წარმატებას − უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, რაც მრავალი თაობის შრომის შედეგია.