ENG / RUS       12+

თუ ხეობაში ვინმეს დააკავებენ, იქნება რთული მთელი საქართველოსთვის - ახალგაზრდების შეჩერება წარმოუდგენელია - მექა ხანგოშვილი

რესპოდენტის შესახებ

მექა ხანგოშვილი. პანკისის ხეობის წარმომადგენელი

მექა ხანგოშვილი. პანკისის ხეობის წარმომადგენელი

ანკისის ხეობაში, 21 აპრილს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიყვანა. ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.სამართალდამცავებმა მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. დაიწვა პოლიციის 2 მანქანა და ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. შეტაკებების დროს დაშავდა 55 ადამიანი. მათ შორის, 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა ხეობაში ჩავიდა და მოსახლეობას უთხრა, რომ ჰესი მხოლოდ მაშინ აშენდება, როცა მოსახლეობის 90 პროცენტი თანახმა იქნება. პარალელურად, გახარიამ განაცხადა, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი. სურს თუ არა პანკისის ხეობის მოსახლეობას ჰესისი აშენება და როგორ აფასებენ შს მინისტრის მიერ დაკავებების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, „ჯი-ეიჩ-ენი“ ამ საკითხზე სასაუბროდ პანკისის ხეობის წარმომადგენელს, მექა ხანგოშვილს დაუკავშირდა.

მექა ხანგოშვილი, პანკისის ხეობის წარმომადგენელი: პანკისის ხეობაში ხელისუფლების მოქმედებას უარყოფითად ვაფასებ. ისევე, როგორც მოსახლეობის ასი პროცენტი. არ შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ძალის გამოყენება. წარმოუდგენელია! დღემდე შოკში ვართ ყველანი. ამას სიზმაშიც ვერ წარმოვიდგენდით, არათუ  - ცხადში. ეს, ისეთი მოულოდნელი იყო. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს უხუცესებთან. ჩემი ხეობაა, ჩემი ხალხია, ჩემი გულისტკივილია, ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელია და ყოველწამიერი კომუნიკაცია მაქვს იქ, ხეობასთან. დარწმუნებული ვარ, თუ იქნება სწორი პოლიტიკა მოსახლეობის მიმართ, ყველაფერი მშვიდობიან რელსებზე გადავა. ჩვენ რომ ვიცით მშვიდობის ფასი, ჩეჩნებმა, გვაქვს ამის გამოცდილება, ნურავინ იტყვის რომ აქვს, მთელი კავკასიის მასშტაბით. ამდენად, თუ ვინმეს უნდა მშვიდობა, ჩვენს სამშობლოშიც და სრულიად კავკასიაშიც, ეს ჩვენ ვართ!

- ქ-ნო მექა, რაც მოხდა 21 აპრილს ხეობაში, თქვენი შეფასებით, ვისი ან რისი ბრალია?

- ჩამოდიოდნენ მინისტრები, დაწყებული იყო მოლაპარაკებები. ეს უშუალოდ ჰესს არ ეხებოდა, მაგრამ ერთ-ერთი საკითხად, ალბათ ჰესიც მოიაზრებოდა. ჰესზე უფრო რთული საკითხებიც იყო. ამ დროს, როდესაც ასეთი რაღაც ხდება, წარმოუდგენელია. ამ საკითხში, ყველაზე მეტად, ვადანაშაულებ იმ კომპანიას, რომელიც იყო გამარჯვებული და რომელსაც უნდა ეწარმოებინა მშენებლობა. ისინი ვალდებულებები იყვნენ, რომ სწორედაც, კარდაკარ დაევლოთ, თითოეული მოსახლის ინტერესი გაეთვალისწინებინათ და შემდეგ დაეწყოთ სამუშაოები. ის რომ ვიღაცეები დაიბარეს, დაემუქრნენ და ასე შემდეგ, ზღაპრებია.

- შს მინისტრმა თქვა, რომ მშენებლობა შეჩერდება და დაიწყება მაშინ, როდესაც მოსახლეობის 90 პროცენტი თანახმა იქნება. თუმცა, მანვე თქვა, რომ დაიწყება იდენტიფიცირება და დამნაშავეები დაისჯებიან. თუ დაკავებები იქნება, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს?  

- ყოველთვის ვამბობთ, ვინც დამნაშავეა, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მაგრამ ამ შემთხვევაში, საკითხი დგას სხვანაირად. ძალის გამოყენება მოხდა სპეცრაზმის მხრიდან. მართალია, აჟიტირებულმა ახალგაზრდებმა ხელჯოხებით პროტესტი გამოხატეს, მაგრამ არსებობს სხვა რაღაცაც.. ცოტა რთულია, ყველაფრის თქმა, ისევ და ისევ იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ ვავნოთ. ამის გამო, ბევრ რაღაცაზე ვიკავებთ თავს.  ისევ და ისევ, გამომდინარე სახელმწიფო ინტერესიდან, და იქიდან, რომ ხეობაში დაძაბულობა არ მოხდეს, დაკავებების სერია იქნება ძალიან რთული, არა მხოლოდ ხეობისა და ხეობის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ყველამ ნახა როგორი ერთსულოვნები იყვნენ და მათ  ვერავინ გააჩერებს. წარმოუდგენელია, იმ ახალგაზრდების შეჩერება. ეს ჩვენ ყველანაირ ძალასა და რესურსს აღემატება.

- თქვენ თქვით, რომ კომუნიკაცია გაქვთ ხეობის უხუცესებთან. როგორია მათი პოზიცია, ჰესის აშენების კატეგორიული წინააღმდეგები არიან, თუ შესაძლებელია კომპრომისი?

- დიახ, ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ხეობასთან. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ჰესის აშენების კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა, იყო ასეთი აზრიც, რომ თუ მაინცა და მაინც ჩვენს ინტერეს არ გაითვალისწინებენ და აშენდება, მაშინ მოსახლეობამ ნახოს სარგებელი. ნებისმიერი ჰესი ბუნებისთვის არის ზიანის მომტანი. მით უმეტეს, ამ პატარა ხეობაში. მთლიანად 4 კილომეტრი სიგანისა და 13 კილომეტრი სიგრძის ხეობაა და აქ 5 ჰესის განთავსება, ეს არის წარმოუდგენელი.

-სახელმწიფომ ამ ხეობაში დაგეგმა მშენებლობა, გამოდის რომ არ აქვს ამის უფლება?

- ჩვენ გვესმის,  ჩვენ ვართ ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. თუ ელექტროენერგიის დეფიციტია ქვეყანაში, რაღაცაზე შევთანხმდებოდით, პატარა სიმძლავრის ჰესი თუ იქნებოდა. თუ მართლა სარგებელს მოუტანდა ხეობის მოსახლეობასა და მთლიანად, ქვეყანას. ყოველთვის სახელმწიფოებრივად აზროვნებენ ქისტები და ამ დროს, ასეთი უხეში ჩარევა და ძალის გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს არის დანაშაული.