ENG / RUS       12+

9 აპრილი - გოდებდა გულში დაჭრილი საქართველო

1989 წლის 9 აპრილმა შეძრა ქართველი ადამიანის სული. ეს იყო ერის ისტორიაში ერთსულოვნების იშვიათი შემთხვევა. ერთმანეთის გვერდით მდგომი, ერთმანეთისთვის მზრუნველი, ერთმანეთზე ასე შეყვარებული და გადაგებული ქართველობა არ მინახავს. ალბათ, ისე წავალ ამ ქვეყნიდან, ვეღარც მოვესწრები ისეთ ერთსულოვანსა და ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს, როგორიც ცხრა აპრილიდან მთელი ორმოცი დღის განმავლობაში იყო. რაც გინახავს, ვეღარ ნახავო - ამაზეა ზედგამოჭრილი.

ცხრა აპრილი - ჟამი დუმილისა, რაღაც იდუმალისა. ყველა მიხვდა, თუ რამდენად დიდი და შემზარავი იყო ტრაგედიის მასშტაბები. თითქოს სიტყვამაც დაკარგა ძალა და დუმილში უფრო ადვილი იყო შემეცნება. გაივლიდი რუსთაველზე და უპრეცედენტო საოცრების მონაწილე გახდებოდი - მთელი პროსპექტი ხეებზე აკრული ლექსებით იყო „ამეტყველებული". იდგნენ ჭადრების ძირში და კითხულობდნენ, იწერდნენ უბის წიგნაკებში ამ გულიდან ამოხეთქილ არც თუ მაღალი ლიტერატურული გემოვნებით შექმნილ, მაგრამ ცრემლით ნაწერ სტრიქონებს. მოდიოდნენ რიგითი ადამიანები, ბევრი ისეთიც, კალამი ხელში რომ არასოდეს აეღო, მაგრამ დიდმა ტკივილმა რომ ათქმევინა სიმწრისგან გაფითრებული ტაეპები. ცოტა ხანში შოთა ნიშნიანიძე ამ ფაქტს ასე გამოეხმაურება: „ხეები ლექსებით იფარჩება / ხეებზე აკრავენ ღვთის ბრალდებას, / ამდენი მგოსნის ძლივს მარჩენალს, / ისევ მგოსნები გიმრავლდება".

გოდებდა გულში დაჭრილი, სისხლგამშრალი, ნამეხარი, თუმცა მაინც მუხლმოუყრელი საქართველო. გამოუთქმელი იყო დარდი და მწუხარება. სიტყვის თქმა უჭირდა ყველას!

დადგა დღე, როცა ქვეყნისთვის შეწირულ შვილებს ეთხოვებოდა თბილისი, საქართველო...
ყვავილებით შეემოსათ სიონის საკათედრო ტაძარი. საქართველო უკანასკნელ გზაზე აცილებდა ერისა და მამულისათვის წამებულ და თავდადებულ შვილებს. სიტყვას ეძებდა ქართველი ადამაინი! ამ დარდისა და მწუხარების დამტევ სიტყვას! „დუმდა სიონი და დუმდა ხალხი"...
კათალიკოს-პატრიარქი პანაშვიდს იხდიდა. უსიტყვოდ ლოცულობდნენ ქართველები.

აი, ასეთ დროს და აქ, ამ წმინდა ადგილზე, მოუხმეს საქართველოს სახალხო არტისტს, ქართული სიტყვის პატრონსა და ჭირისუფალს, დიდ ტრაგიკოს მსახიობს, ზინაიდა კვერენჩხილაძეს, რათა ქართველი დედის სახელით დაეტირებინა მსხვერპლშეწირული შვილები.

ქართველობას ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ლოცვაღა დარჩენოდა. რაოდენ რთული იყო იმ დიდი პრობლემის დაძლევა, რომელიც ზ. კვერენჩხილაძის წინაშე იდგა. მას ერის სათქმელი უნდა ეთქვა, თანაც ისე, გული არავის დარჩენოდა ნაკლული. ტკივილი ბოლომდე უნდა თქმულიყო, სიმართლეს გზა უნდა ეპოვა, ქართველი დედის გოდება ტაძრიდან გუმბათებს მიღმა სამყაროში უნდა აჭრილიყო, რათა უფალს ესმინა ჩვენი!

ამას სჭირდებოდა დიდი მოქალაქეობრივი, მამულიშვილური, მგრძნობიარე გული, დიდი რწმენა და სასოება. ამას სჭირდებოდა წრფელი და ნათელი გრძნობა, თანაც, ძლიერი ემოციის გამოხატვის მკაცრი კრიტერიუმი - დიდი თავდაჭერა!

ღვთიური შთაგონებით დაიწერა ტექსტი ხელოვნებათმცოდნე ინგა ბახტაძის მიერ და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მსახიობმა სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდის თანხლებით (რეგენტი ნ. კიკნაძე) დაიწყო:
„საცნაურ იქმენ შენ, სულო ქართულო, აწ კი...
სიბრძნითა სიმხნე აჩვენე!
რატომ უნდა დაემსჭვალო ჯვარს, ქართველო, რომ გასხივოსნდეს სული შენი, ვითარცა დასტური სიცოცხლისა და გაცხადება შენი არსებობისა.
რატომ უნდა წარწირო სისხლი დედათა და ქალწულთა, რომ მოინანიო ცოდვები შენი და განიბანო. ასე ყოფილხარ მუდამ და ძნელბედობაც არ მოუკლია შენთვის განგებას. ნუთუ აქაა საწყისი შენეული მარადიული სულისა, სათავე და წესი შენი დამკვიდრებისა?!

ამ გაზაფხულის ჟამს დათხეული სისხლი დედათა მოგევლინა მწედ სიმართლისა და სინდისისა, მაუწყებლად წაუხდენელის სულის შენისა და ძალისა დაუწრეტელისა. მოგევლინა სიტყვად, რამეთუ არ დაივიწყო - ნათლითა წინამორბედისა მოიწიე დღემდე და ეს ნათელი ბედის სასწორზე არ უნდა შეაგდო არაოდეს, წყაროდ სიცოცხლისად უქციო უნდა იგი ჯიშს შენსას.
დედათა სისხლმა კვლავაც გაუწყა შენ:
„განსჭვრიტე ყოველნი საქმენნი და იძიე ყოველი განზრახვა ბრძენთა და ნუ უგულებელჰყოფ მათ";
„შეიცან მოძულე შენი, რომელნი გმძლავრობენ და გდევნიან შენ";
„ზომიერ იყავ ყოველ მხრივ და შეიმცირე ქვეყნის ვაება, განამრავლე ნიჭი შენი შრომისა მოყვარებისა და ფასი დასდე გარჯასა";
„უქმობასა ქურდად შინა ნუ გარდაიქცევ, ვაჟკაცობა ინდომე იმად, რომ შენსას უპატრონო და ერიდო სხვისას";
„ნუ რჩები თავკერძ, რამეთუ იგია ფესვი განთვითებისა და ძირი განთიშვისა";
„თუ გამოარჩევ კაცსა პატივითა, გამოარჩიე ეგოდენიცა საქმითაცა იგი სხვათა უმაღლესი";
„დაისვი მწედ და წინამავლად ხელი-მწიფე და ხელი მმართველი, საქმე და სიბრძნე, რომლისა არ გაცუდდების, რომელმან ვერ შეუძლოს მონობა კერპთა ცბიერთა და ჯვარსა ზედა დაითმინოს";
„განერიდე, ვითარცა უხსენებელს, ნიანგთა ცრემლთა მფრქვეველთა და აღახუენ თვალნნი შენნი მათ შესაცნობად";
„ზომიერ იყავ დარდსა და უდარდელობაში, წამისყოფისათვის ნუ მოიხვეჭ, რამეთუ სოფელმა პატივით გცნოს";
საცნაურ იქმენ დღეს შენ, სულო ქართულო, აწ კი...
სიბრძნითა სიმხნე აჩვენე შენი, რამეთუ სული შეწირულთა ქალწულთა ევედრებიან ძალსა ზეშთაარსებულსა: ნუ შეგვიყვან განსაცდელსა და გვიხსენ ბოროტებისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ.
ახლა, შეჭირვების ჟამს, სასწორზე შეგდებული სიმართლე თუ ფეთქავს - რას გადაწყვეტს ხელი მძლე, წაწყმდეს იგი თუ სუფევდეს?!..
ნუ დაღონდები, ქართველო, ხომ დაიკლა ოდესმე კრავი ეგვიპტეს, ბჭედ სიმართლისად. ნუ იხარებენ ისინიც, გონებით ბერწნი დ სულით საჭურისნი. სიჩუმეში დაუნჯებული სიმართლე აცლის ცოტას და მერე წარწირულ სისხლის ცოდვას მისხლობით აუწონის ფარისეველთ
სჯულაღმსარებლობის მაჩემებელთა წამისყოფით გულდაჯერებულთ!
სულნი შეწირულთა ქალწულთა ევედრებიან ზეშთაარსებულს: შენ, შენ მხოლოო, რომელმან უწყი, გვიხსენ ბოროტებისაგან!" (საგანგებოდ მოვიყვანეთ მთელი ეს ტექსტი იმის დასტურად, რომ ზინაიდა კვერენჩხილაძეს არც პირადს ცხოვრებაში და არც სცენიდან არც მაშინ და არც შემდეგ არასდროს შეუჩვენებია, არასდროს დაუწყევლია არავინ, მათ შორის არც „ქართველი გოგო-ბიჭების ამჩეხავი რუსი სალდათები", როგორც ამას წერდა საქმეში ჩაუხედავი კრიტიკოსი (პრაიმ ტაიმი, 2010).

ზინაიდა კვერენჩხილაძის მიერ განვლილი გზა ხელოვნებაში არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. სწორედ ტკივილიანმა ცხოვრებამ ჩამოუყალიბა მას, როგორც ქართველ ქალს, ესოდენი სიყვარული სამშობლოსა და თავისი ერისა, სწრაფვა თავისუფლებისა და რწმენისაკენ. ამავე ტკივილმა შექმნა ამაღლებული, უნეტარესი აზრი იმისა, რომ შენი ხლოვნება უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს, ხელოვანი უნდა იყოს მატარებელი იმ გენისა და კულტურისა, რომელიც მის წინამორბედს შეუქმნია.

ზინაიდა კვერენჩხილაძეს სწორედ პიროვნულმა თვისებებმა შეუწყვეს ხელი იმაში, რომ თავისი და სხვისი, იმხანად მთელი ერის ტკივილი დაეტია. იმდენად ძლიერი იყო ემოციური მუხტი და მსახიობის შინაგანი სულიერი ძალა, რომ მისი ფაქტურაც, ძაძებში მოსილი, გაგრძნობინებდა იმას, რომ თავად მეტყველებამდე იყო ამეტყველებული, მისი სიტყვა თითქოს წარმოთქმამდე ამბობდა სათქმელს და ამას აღწევდა გასაოცარი უშუალობით. ზინაიდა კვერენჩხილაძე განიცდიდა, ღელავდა. მასში სულიერად, „ხმა-ყოფამდე" არსებობდა სიტყვა, როგორც გამჭოლი ღვთაებრივი და ადამიანური ქმედებისა.

ეს ისეთი შემთხვევაა, როცა მამულიშვილობა და მაღალი პროფესიონალიზმი ერთმანეთს ავსებდა და სინთეზურად ქმნიდა მთლიან სიტყვიერ ხატს, სახეს, რომლის დავიწყება იმდენად ძნელია, რამდენადაც დავიწყება თავად 9 აპრილის ტრაგედიისა!

მსახიობმა უთუოდ გაამართლა ის, რისთვისაც ასეთ დროს მოუხმეს. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისათვის შეწირულ ღირსეულ შვილებს ზინაიდა კვერენჩხილაძის სახით ღირსეული ჭირისუფალი ჰყავდათ!

ახლა, როცა 30 წელი - მეოთხედ საუკუნეზე მეტი - გავიდა იმ შემზარავი დღიდან და, როცა თავად დიდი მსახიობიც უკვე ქართული თეატრის ისტორიის კუთვნილებაა, უფრო საგრძნობი და ხელშესახები ხდება ამ ტრაგედიის მასშტაბიცა და რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა გლოვა-დატირების მისტერიაც!