ENG/RUS

ჩვენი რეფორმები სამაგალითოდაა აღიარებული, ნატო-ს პარტნიორი და ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის - ოთარ ჩრდილელი

რესპოდენტის შესახებ

ჩვენი რეფორმები სამაგალითოდაა აღიარებული, როგორც ნატო-ს პარტნიორი, ასევე ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის,- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ოთარ ჩრდილელმა. ამ განცხადებით, ოთარ ჩრდილელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტერიალსა და კონფერენციაზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი განხილვები გაიმართა.

„შეხვედრების დროს მკაფიოდ გაესვა ხაზი, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა დროის ნიშნულზე უფრო მაღალია და ის კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად, საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტრო უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს და ჩვენი რეფორმები სამაგალითოდაა აღიარებული, როგორც ნატო-ს პარტნიორი, ასევე ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის. შეხვედრის ფარგლებში ამერიკის თავდაცვის მოქმედმა მდივანმა მხარი დაუჭირა და მიესალმა თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ რეფორმებს და მადლიერება გამოხატა იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაში. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან თანამშრომლობის მზარდი დინამიკის კონტექსტში მსურს გამოვყო ამბიციური, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც წარმატებით ხორციელდება და ჯამში 9 ქვეით სამანევრო ბატალიონს მოამზადებს და აღჭურავს ნატო-ს სტანდარტებით. სწორედ, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ გახდა შესაძლებელი თავდაცვის უნარიანობის ზრდის მიმართულებით ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმა, რაც არის უახლესი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემების - ჯაველინების შესყიდვა“, - განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.