სერიოზული კითხვები ჩნდება, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყანაში რაიმე ფორმით რაიმე სახის დესტაბილიზაციის მცდელობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა უკრაინის მოქალაქეების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ინტერესია როგორც დეპუტატების მხრიდან, ასევე საზოგადოებისგან, რომ სახელმწიფო ორგანოებმა გასცენ პასუხი, რასთან გვაქვს საქმე.
„ეს არის დამთხვევა, თუ იკვეთება რაღაც სახის კონსპირაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სავალალო შედეგი მოეტანა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხი საქართველოში ტურისტული მიზნით არ ჩამოსულა. ასევე ეს ხალხი არიან ერთ-ერთი უკრაინული დაჯგუფების წევრები. გავიგეთ ისიც, რომ ამ ადამიანებს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდათ. ამ ფონზე საქართველოში ოპოზიციის მოთხოვნები და აქციები იმართება. გავიგეთ ისიც, რომ სააკაშვილი ერთ-ერთ პირს შეხვდა. მთელი რიგი კითხვები ჩნდება – ეს ყველაფერი ხომ არ გვაძლევს საფუძველს, სავსებით ლეგიტიმურად ვიფიქროთ, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობა. ყველა ამ საკითხს შესწავლა და რეაგირება სჭირდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.