ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები დაიწყო, ქვეყნის მოქალაქეები გუბერნატორებს და კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს აირჩევენ.
საარჩევნო უბნები, ქვეყნის მასშტაბით, პირველად აღმოსავლეთ შტატებში, ადგილობრივი დროით დილის 06:30-სა და 07:00 საათზე გაიხსნა.
დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები გადაწყვეტენ თუ ვინ მოიპოვებს უმრავლესობას აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობით პალატასა და სენატში. სწორედ, დღეს გაირკვევა, მოახერხებენ თუ არა „დემოკრატები“ „რესპუბლიკელების“ პარტიული მონოპოლიის დამარცხებას და კონგრესში უმრავლესობისთვის აუცილებელი ხმათა საჭირო რაოდენობის მოპოვებას.
რა არის აშშ-ის შუალედური არჩევნები?
აშშ-ში შუალედური არჩევნები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. შუალედურ არჩევნებს მას სწორედ იმის გამო უწოდებენ, რომ იმართება ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის შუაში.
შუალედური არჩევნების განრიგი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციით არის დადგენილი - „წარმომადგენელთა პალატა უნდა შედგებოდეს წევრებისგან, რომლებსაც შტატების მოსახლეობა ორ წელიწადში ერთხელ აირჩევს” (შეერთებული შტატების კონსტიტუცია).
აშშ-ის არჩევნების ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხშირ შემთხვევაში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები არის ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ამერიკელი ამომრჩევლები ხელისუფლების სათავეებში მყოფი პარტიის, პრეზიდენტის მოღვაწეობით. მაგალითისთვის, დემოკრატებმა 2010 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევიდან ორ წელიწადში, წარმომადგენელთა პალატაში 63 ადგილი დაკარგეს, 2006 წელს კი რესპუბლიკელებმა, ჯორჯ ბუშის (უმცროსი) პრეზიდენტად არჩევიდან 2 წელში, 30 ადგილი.
აღნიშნულ არჩევნებზე, ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის ყველა, ანუ 435 წევრს და სენატის ერთ მესამედს, 100-დან 35-ს აირჩევენ.
აშშ-ის კონგრესი, ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანო, შედგება ორი პალატისგან - წარმომადგენელთა პალატა, 435 წევრი და სენატი, 100 წევრი.
წარმომადგენელთა პალატის წევრები აშშ-ის ყოველი შტატიდან აირჩევიან. თითოეული შტატისთვის წარმომადგენელთა რაოდენობა შტატის მოსახლეობის პროპორციულად განისაზღვრება. 1929 წელს მიღებული აქტით დღეს წარმომადგენელთა პალატის წევრების საერთო რაოდენობაა 435.
აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, სენატში თითოეულ შტატს ჰყავს ორი წარმომადგენელი, რომლებიც აირჩევიან ყოველი შტატიდან ექვსი წლის ვადით. ცალკეულ შტატში არჩევნების ჩატარების დრო და წესები განისაზღვრება შტატის კანონმდებელი კრებისა და აშშ-ის კონგრესის მიერ. შედეგად ყოველ ორ წელიწადში არჩევნები ტარდება სენატის ადგილების დაახლოებით ერთი მესამედის დასაკავებლად.
სხვადასხვა გამოკითხვის ცნობით, შესაძლოა დემოკრატებმა მოახერხონ წარმომადგენელთა პალატაში ხმების უმრავლესობის მოპოვება.
2018 წლის არჩევნებს ამერიკის ისტორიაში ყველაზე „ძვირ“ არჩევნებად აფასებენ. აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში წინასაარჩევნო პერიოდი 2,3 მლრდ დოლარის მობილიზება შეძლეს.
რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია ამერიკული არჩევნების შესახებ:
- ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება;
- ამერიკაში ხმის მიცემა წინასწარ, წერილობით, ფოსტით საშუალებითაც შეიძლება;
- ზოგიერთ შტატში ხმის მიცემა ფაქსითაც შეიძლება;
- ზოგიერთ შემთხვევაში, ინტერნეტით არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, თუ ამერიკის მოქალაქე სამხედრო მოსამსახურეა და ქვეყანაში არ იმყოფება.