ნატო-ს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, საქართველო იქნება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს პარტნიორებიდან საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
მისივე თქმით, ალიანსი მადლიერია კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეაქვს.
როგორც მან აღნიშნა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, გაწევრიანების გზაზე ნაბიჯები კიდევ არის გადასადგმელი, მაგრამ ნატო-ს პოზიცია ძალიან მყარია და ნათელი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
მისივე განცხადებით, ნატო-ს წინაშე გამოწვევები არსებობს.
„ასევე, ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო-ს წინაშე გამოწვევები დგას. თქვენ კარგად იცით ამის შესახებ. პირველ რიგში, რაც 2014 წელს მოხდა უკრაინაში, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასში სიტუაციის დესტაბილიზაცია. დღემდე გვიწევს შედეგებთან და კრიზისთან გამკლავება“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა, რომელმაც აქვე თქვა, რომ კრიზისი გაცილებით ადრე დაიწყო და საქართველოზე უკეთ ეს არავინ იცის.
„ეს იყო 2008 წლის აგვისტო, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონოდ აღიარება ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ მტკიცედ გიჭერთ მხარს და ვამბობთ, რომ რუსეთმა უნდა უნდა გაიწვიოს ეს გადაწვეტილება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – დასძინ მან.