ENG / RUS       12+

საყოველთაო ჯანდაცვა სულს ღაფავს - ჯანდაცვის მინისტრს არ აქვს კომპეტენცია მართოს უწყების რამდენიმემილიარდიანი ბიუჯეტი - სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ხარვეზებზე "ჯი-ეიჩ-ენთან" ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე საუბრობს.

- ბატონო სერგო, თქვენ რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთხელ განაცხადეთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის სერიოზულად მისახედი და დასახვეწი. რამდენი დღის წინ უკვე ახალმა მთავრობამ და პრემიერმაც განაცხადეს იგივე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კვლავ სერიოზული პრობლემებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?

- დიახ. პროგრამა კვლავ დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. საყოველთაო ჯანდაცვა კვლავ დეფიციტურია. ხარჯვის მსგავსი ტენდენცია თუ გაგრძელდება, წლის ბოლოს მაინც დაგროვდება 40-45 მილიონი გადახარჯვა პროგრამაში. თან უფრო ხარჯიანი თვეები წინ არის კიდევ. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად იმისა, რომ 1 წელი გადის, მას შემდეგ, რაც მინისტრის გადაწყვეტილებით დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს ფინანსურად შეეზღუდა საყოველთაო სერვისებით სარგებლობა.

არაფერს ვამბობ 4-6 თვიან დავალიანებებზე სამედიცინო დაწესებულებების და პერსონალის მიმართ. ამასაც თუ გავითვალისწინებთ, რეალური გადახარჯვა 2-3 ჯერ მეტი იქნება ვიდრე, პროგნოზირებადი 40 მილიონი.

ცალკე თემაა კიდევ შედეგები, ვხარჯავთ 3-ჯერ მეტს ჯანდაცვაზე, მილიარდობით ლარს და გლობალურად რა შედეგებზე გავდივართ?! 2012 წელთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მომატებულია - იყო 11 ათას მოსახლეზე და გახდა თითქმის 14. სიცოცხლის ხანგძლივობა იყო 74,7 წელი და გახდა 72,7 წელი. მაშინ, როდესაც ევროპაში 80-ზე მეტია.

- სულ უფრო მეტი უკმაყოფილება ისმის საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეთა მხრიდან. კერძოდ, ის რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი ჯიბიდან უწევს ხარჯების დაფარვა და რომ ის სერვისები, რაც ადრე ფინანსდებოდა სახელმწიფოს მხრიდან ახლა აღარ ფინანსდება. რა კატეგორიაზეა საუბარი, როდესაც თქვენ ახსენებთ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ უფინანსდებათ ესა თუ ის სერვისები?

- ეს არის 2 ჯგუფი ძირითად. პირველი, თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირები - თუ პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 500 ლარს, შემთხვევის დაფინანსება განხორციელდება მოქალაქის მიერ ჯიბიდან. სახელმწიფო ჩაერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასანაზღაურებელი თანხა გადაცდება 500 ლარს. ასეთი არის დაახლოებით 1 100 000 ადამიანი. ცოტა მეტიც.

მეორე ჯგუფი არის წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები - თუ პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 1000 ლარს, შემთხვევის დაფინანსება განხორციელდება მოქალაქის მიერ ჯიბიდან.  სახელმწიფო ჩაერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასანაზღაურებელი თანხა გადაცდება 1000 ლარს. ასეთი მოსახლეობა კი არის დაახლოებით 300 000.

მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სერვისების მოხმარებისას, შემთხვევათა 90%-ში ხდება ზუსტად ასეთი სერვისების გამოყენება, 500-1000 ლარამდე. ანუ ოპერაციებს და რამდენიმე ათასიანი ხარჯებს იყენებს მოსახლეობის მცირე ნაწილი. შესაბამისად, გამოდის, რომ ეს 1,5 მილიონი მოქალაქე სწორედ, რომ თავის ჯიბიდან ფარავს ხარჯებს. არაფერს ვამბობ წამლებზე, ეს ცალკე პრობლემაა კიდევ და აქ აღარ შევჩერდები. გასაკვირიც არ არის, რომ მოიმატა უკმაყოფილოთა რიცხვმა. ასევე, არ დაგვავიწყდეს ბოლო კვლევები, რომელიც ასევე აჩვენებს, რომ მომატებულია ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯები მოსახლეობაში, რაც სავსებით ახსნადია იმ არასწორი პოლიტიკის გათვალისწინებით, რასაც სამინისტრო და პირადად მინისტრი სერგეენკო ატარებს ჯანდაცვის სფეროში.

- როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია სამინისტრომ ამ პროგრამის მართვის ასეთი, თქვენი აზრით, არაეფექტური მეთოდი? არ იყოს სხვა გზა ხარჯების შეკავების?

- გზების ძიება და ალტერნატივების შეთავაზება წლებია გრძელდება, ფაქტიურად პირველივე დღიდან რაც ეს პროგრამა დაიწყო. მეც პირადად, სხვა სპეციალისტებიც, ძალიან მაღალი ზუსტი სიზუსტით ვპროგნოზირებდით ყველა იმ სირთულეს და ხარჯების დეფიციტს რაც ასეთი მართვას მოჰყვებოდა.  რასაკვირველია, იყო მსჯელობა საყოველთაოს დახვეწის, ფინანსური გამართულობის ანგარიშგების გაუმჯობესების შესახებ. შეთავაზებული იყო სხვადასხვა მეთოდოლოგია, როგორებიცაა დაშენების, შემავსებელი პრინციპები, რისკების გადანაწილება სახელმწიფო და და კერძო სექტორს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე და ეს ვერ გააცნობიერა სამინისტრომ,  პარალელურად პირველადი ჯანდაცვის და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის სრული მოდერნიზაცია, რაც ასევე გაზრდიდა პროგრამების ეფექტურობას და შეამცირებდა ხარჯებს ჰოსპიტალურ სექტორზე. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრმა ეს არ გაითვალისწინა და აირჩია ყველაზე არაეფექტური და არასწორი გზა, რომ  მექანიკურად ჩაეხსნა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ფენა სახელმწიფო პროგრამიდან, რომ გათავისუფლებულიყო მუდმივი დავალიანებისგან. როგორც ვხედავთ ამანაც ვერ უშველა საქმეს, და არც არის გასაკვირი. სახეზე გვაქვს ჯანდაცვის პროგრამების და ასეული მილიონობით ლარის აბსოლუტურად არახარჯთეფექტურ მართვასთან. ჯანდაცვის მინისტრს არ გააჩნია არც მენეჯერული უნარები და არც კომპეტენცია, რომ მართოს რამდენიმე მილიარდიანი ბიუჯეტი ჯანდაცვისა  და სოციალური  მიმართულებებით. სხვათა შორის საქართველოს მთელი ბიუჯეტის 1/3 აბარია ამ სამინისტროს.  

- თუმცა მთავრობის განცხადებები, რომ გადახედავს ამ პროგრამას და შეიტანს ცვლილებებს, ალბათ იძლევა იმის იმედს, რომ სახელმწიფო პროგრამები სწორი მიმართულებით განვითარდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ვერ გავიზიარებ თქვენს ოპტიმიზმს. სახელმწიფო მოხელეები პრობლემებს აღიარებენ და გამოთქვამენ სურვილს, რომ რამე შეცვალონ ხოლმე, ოღონდ ამას აკეთებენ რამდენიმე წლიანი დაგვიანების შემდეგ, როდესაც ბიუჯეტი შეჭმულია, ხარისხი დავარდნილი და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული. ამ შემთხვევაშიც ასეა. თანაც ამას წარმოადგენენ ისე, თითქოს რაღაც ახალი აღმოაჩინეს, რაც მანამდე არ გვითქვამს. გარდა ამისა, ვინმეს თუ არ ახსოვს შევახსენებ, რომ სახელმწიფო პირები, ჯანდაცვის სამინსიტროს, ასევე პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლები ხშირად ფასადურად განაცხადებენ ხოლმე რეფორმების აუცილებლობაზე, მაგრამ არასდროს არაფერი არ მიჰყავთ ბოლომდე. შეგახსენებთ წამლების კომპონენტს გასულ წელს, როდესაც 250 000 ადამიანს უნდა ესარგებლა ამ პროგრამით და ისარგებლა 14 000-მა მხოლოდ, ანუ ჩავარდა ეს პროგრამა. ან საერთოდ არანაირ ნაბიჯს არ დგამენ განცხადებების მიღმა, როგორც ეს პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მოხდა. ასევე გვახსოვს, როგორ „დახვეწეს“ თვითონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლისგანაც სახელის მეტი არაფერი დარჩა. რადგანაც რაც დღეს გვაქვს მას საყოველთაოს ვერ ვუწოდებთ, რა თქმა უნდა.

 

 

ავტორი: . .