15 თებერვალს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი. სასამართლოში დასრულდა წერილობით მტკიცებულებათა გამოკვლევა და სასამართლომ დაიწყო ბრალდების მოწმეთა დაკითხვა. ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის 13 დეკემბერს ბრალი წარუდგინა - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პ და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ -ით.
"წერილობითი მტკიცებულებათა გამოკვლევით კიდევ ერთხელ აშკარად გამოვლინდა, რომ წარდგენილი ბრალდება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, სააკაშვილი-კეზერაშვილი-ხაზარაძის ერთობლივი სქემით, ელიტ ელექტრონიქსის წართმევას და მიმართული იყო ჩემს დასაპატიმრებლად და გასაჩუმებლად.
დარწმუნებული ვარ, ჩემ მიმართ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებში პროკურატურაც და სასამართლოც დარწმუნდება და გამამართლებელი განაჩენი დადგება ჩემ მიმართ . კიდევ ერთხელ დარწმუნდება სასამართლო, პროკურატურა და საზოგადოება, რომ ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა სააკაშვილი-კეზერაშვილი- ხაზარაძის დანაშაულებრივ სქემა", -აცხადებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე.