ENG / RUS       12+

გერმანელთა „ოლიმპიური ამბოხი“ რუსეთის წინააღმდეგ

ბოლო რამდენიმე დღეა, სულ ცოფებს ყრის რუსული მედია. უთვალავ, გაუთავებელ (მაგრამ შინაარისგან სრულიად დაცლილ) „თოლქ-შოუებში“ ოფიციალური და არაოფიციალური „სფოუქსპერსონები“ მძვინავარებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილების გამო: რუსეთს არ აკმარეს დროშისა და ჰიმნის აკრძალვა პხიონჩხანის (ს.კორეა) ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ იხსნება, არ აკმარეს რუს სპორტსმენებს რუსეთის  ნაკრებად გამოსვლაზე უარი, არ აკმარეს რუსეთის მთავრობის სპორტის კურატორ ვიცე-პრემიერს (და ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ჟუკოვს) სტატუსის შეჩერება, ხოლო სპორტის სამარცხვინო მინისტრ მუტკოს ოლიმპიური სტატუსის სამუდამო ჩამორთმევა. ახლა უკვე კიდევ უფრო „შორს წავიდნენ“ და ოლიმპიურ მედლებზე მთავარ პრეტენდეტებსაც უარი უთხრეს ოლიმპიურ ლიცენზიაზე. მათ შორისაა „შორტ-ტრეკში“ ექვსგზის (!) ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ ანი, ოლიმპიური ჩემპიონი, ბიატლონისტი ანტონ შიპულინი და ჰოკეის შემდეგ ყველაზე პრესტიჟული, ფიგურული სრიალის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე-პრეტენდენტი ქსენია სტოლბოვა.

ესენი ფორმალურად  არ ფიგურირებდნენ ცნობილ „ლისტში“ (არც ისეთი „შორტ-ლისტია“) იმ სპორტსმენებისა, ვინც აშკარად და ლამის ღიად დოპინგის წყალობით გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მაგალითად, სოჭში. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, თითქოს „კრისტალურად სუფთანი“ არიან. მაგრამ აქ ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა, გერმანელი თომას ბახის (ფარიკაობაში ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონის) ხელმძღვანელობით უკვე ისეთ გადაწყვეტილებებზეც კი აღარ დაიხია უკან, რაც უშუალოდ ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული და მიზნად ისახავს რუსეთის სახელმწიფოს საჯარო, დემონსტრაციულ დამცირებას -  სასჯელად იმ თავხედური დანაშაულისთვის, რაც მან (არა ცალკეულმა სპორტსმენებმა, არამედ სახელმწიფომ) ჩაიდინა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინს „არ შეეძლო“ მთელი რუსეთისთვის „საოცნებო“ ოლიმპიადის წაგება! მეორე ადგილიც კი „წაგება“ იქნებოდა რუსების თვალში. ეს უძლიერესად დაარტყამდა მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობას. მით უმეტეს უკრაინის (მაშინ) უკვე გარდაუვალი ომის წინ.  ამიტომ, პრეზიდენტმა პუტინმა დაავალა  სპეცსამსახურს, რომლის წიაღიდანაც  თავად გამოვიდა, „მიეღო ზომები“ და რადაც არ უნდა დაჯდომოდა, რუსეთი პირველ ადგილზე გაეყვანა იმ ვითარებაში, როცა სოჭის ოლიმპიადას პირველი კვირის შემდეგ რუსეთის ნაკრები, გუნდურ ჩათვლაში, სადღაც მე 7-8 ადგილზეღა მიჩანჩალებდა

მიიღეს კიდეც „ზომები“ ჩვეული პროფესიონალიზმით: სოჭის ლაბორატორიაში, სადაც სპორტსმენთა „დოპინგ-ტესტები“ (მარტივად რომ ვთქვათ შარდის კონტეინერები) ინახებოდა, გათხარეს მცირე გვირაბი, გამოამტვრიეს კედელი და ამ მცირე ხვრელის მეშვეობით ცვლიდნენ კონტეინერებს. შედეგად, დოპინგით ძალმოცემულმა რუსმა სპორტსმენებმა ყველას აჯობეს და გუნდური პირველი ადგილიც გაუნაღდეს ქვეყანას.

მაგრამ სხვა ქვეყნების სპორტსმენები და სპეციალისტები იდიოტები არ არიან: ძნელი შესამჩნევი და მისახვედრი არ ყოფილა, რა მოხდა სინამდვილეში; ოღონდ მტკიცებულებები არ იყო მანამ, სანამ ორი რუსი სპორტსმენი დასავლეთში არ გაიქცა, იქაური მოქალაქეობა მიიღო და  მოყვა, რაც ხდებოდა.

გერმანელებმა (!) დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს ამ ისტორიაზე, რასაც მოსკოვში საზარელი ამბები მოჰყვა: რუსეთის ანტიდოპინგ-ლაბორატორიის რამდენიმე სპეციალისტი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა კონტეინერთა ცვლაში და მთელს ამ „ოპერაციაში“, უცნაურად დაიღუპა: ერთი „რაღაცით“ მოიწამლა, მეორე ავარიაში მოჰყვა. მესამე კი, გვარად როდჩენკოვი, მიხვდა, რომ ხორციელდებოდა ოპერაცია «Концы в воду», ანუ მოწმეებს იშორებდნენ, ამიტომ დროზე გაასწრო, გაიქცა ამერიკაში და......დაფქვა მაგრამ რა დაფქვა.... მოყვა ყველაფერს, რითაც დაადასტურა დიდი ხნის ეჭვი, რომ რუსეთში არსებობდა დოპინგის სახელმწიფო პროგრამა.

ეს არავის გაკვირვებია და ყველამ იცოდა: ასეთი პროგრამა ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან არსებობდა, რაკი სპორტი, სპორტული წარმატებები და „დიადი სპორტული ქვეყნის“ იმიჯი ყველა ტოტალიტარული ავტორიტარული რეჟიმის მნიშვნელოვანი რესურსია. ამ მხრივ ჰიტლერმა, თავის დროზე დაასწრო სტალინს. უცნაურია, მაგრამ ეს უკანასკნელი ძალიან გვიან მიხვდა ამ რესურსის პოტენციალს, თუ მიხვდა საერთოდ, რადგან სსრკ ოლიმპიურ თამაშებში მის დროს  არ მონაწილეობდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გრიგორი როდჩენკოვის გაქცევამ და გამოქვეყნებულმა სენსაციურმა დოკუმენტებმა შექმეს აბსოლუტურად უტყუარი საფუძველი რუსეთის სახელმწიფოს დასჯისთვის „ოლიმპიური ქარტიის“ დარღვევის გამო. შეიძლება ითვას, ოლიმპიური მოძრაობა ინგრეოდა ამ რუსული დოპინგ-პროგრამით, რაკი პატიოსანი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები, ვინც შესანიშნავად ხვდებოდა, რა არის რუს სპორტსმენთან „ჯადოსნური გამარჯვებების“ ნამდვილი მიზეზი, კარგავდნენ მოტივაციას და Fair-play-ს უაზრობაში რწმუნდებოდნენ.

„პირველი ზარი“ ჯერ კიდევ სეულის 1988 წლის ოლიმპიადა გახდა, სადაც, ზუსტად ასევე როგოც სოჭში, სსრკ ნაკრები აგებდა, მაგრამ მერე და მერე ყველაფერი მოიგო: ფეხბურთისა და კალათბურთის ტურნირთა ჩათვლით. და მწარედ ცდება, თუ ვინმეს  ჰგონია, თითქოს „კოლექტიურ სახეობებში“ დოპინგი ბევრს არაფერს წყვეტს, რაკი ამერიკელები უკეთ თამაშობენ კალათბურთს, ხოლო ბრაზილიელები - ფეხბურთს; სინამდვილეში „ფიზიკური მზადყოფნა“ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი  მთელს ამ ისტორიაში მაინც პოლიტიკური შემადგენელია: სეულის მერე კი ლაპარაკობდნენ თუმცა....ყველას ეშინოდა. ახლა კი, სრულიად მოულოდნელად, გერმანელი (!) თომას ბახის ინიციატივით, მსოფლიო ოლიმპიურმა მოძრაობამ, სადაც ტრადიციულად „პირველ ვიოლინოს“, სწორედ გერმანელები ასრულებენ თითქმის ყველა მიმართულებით (რაკი ყველაზე ავტორიტეტულები არიან გლობალურ  სპორტულ მოძრაობაში) მიიღო ურადიკალურესი გადაწყვეტილებები და სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ვერც თომას ბახი, ვერც გერმანული ისტებლიშმენტის სხვა წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდნენ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის „ლოცვა-კურთხევის“  გარეშე!

 ეს მართლა გენიალური ქალბატონი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს გერმანელ ელიტარებს შორის, განურჩევლად მათი საქმიანობისა: „ბოშის“ ვიცე-პრეზიდენტი იქნება თუ გერმანიის ათლეტთა ფედერაციის თავმჯდომარე, ყველა ერთნაირი კრძალვით და თრთოლვით ახსენებს ხოლმე:    Bundezkanzlerin Frau Angela Merkel……

რიოს` 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის  წინ, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სამარცხვინო პრეზიდენტი ჟუკოვი პირდაპირ აშინებდა დასავლეთს, პირველ რიგში გერმანიას, რომ თუ რუსეთის გუნდს არ დაუშვებდნენ ოლიმპიადაზე რუსული დოშით და ჰიმნით, „ასეთი დამცირება ომს მოასწავებდა“. დონბასელმა სეპარატისტებმა (სინამდვილეში, რასაკვირველია რუსულმა არმიამ) რამდენიმე მძლავრი შეტევაც კი განახორციელa უკრაინის სიღრმეში.

ამიტომ „რადიკალური გადაწყვეტილებები“ მაშინ ოლიმპიურმა კომიტეტმა ვერ მიიღო: არ არსებობდა მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ნება, პირველ რიგში, ევროპის სწორუპოვარი ლიდერი-სახელმწიფის მხრიდან. მაგრამ დღეს.....„შიშისა“ და „რიდის“ ფსიქოლოიური სინდრომი, როგორც ჩანს, დაძლეულია: „ფრაუ მერკელი“ და მისი სახით გერმანია თანდათან თავისუფლდება მეორე მსოფლიო ომის ინიციატორი ცოფიანი ანტისემტი შიკლგრუბერის დანატოვარი „კომპლექსებისგან“ და აღარ ერიდება რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიუხედავად დიდი რისკისა.

პიროვნულად, დრეზდენში დაბადებულ-გაზრდილ მერკელს არანაირი სხვა ემპათია არ შეიძლება აკავშირებდეს ყოფილ მეტროპოლისთან -  „მშვიდი და ფაქიზი ზიზღის“ გარდა. მაგრამ ბოლო დრომდე სწორედ ის იყო დასავლური რეაქციის შემაკავებელი ამგვარ თავხედობებზე, როგორიცაა სოჭის ოლიმპიადა ან საქართველოს თუ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული არანაკლებ თავხედური აგრესია, თუმცა ეს რესურსი ჩვენს თვალწინ ამოიწურა, მასაც კი „ამოუვიდა“, რაც პუტინს აშკარად გამოეპარა, დიდად გადააჭარბა და გადალახა კიდეც  ზღვარი, რომელიც რეჟიმს იცავდა მისივე თავხედური აღვირახსნილობისგან.

გერმანულ-ევროპული „შეკავების პოლიტიკა“ კორეული ოლიმპიადით დამთავრდა!

ნიკა იმნაიშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენი“

ავტორი: . .