ENG / RUS       12+

სერგო ჩიხლაძე: დემოკრატიის რა წინსვლაზეა საუბარი? მეთოდებიც კი იგივეა, რაც წინა ხელისუფლების დროს

რესპოდენტის შესახებ

 „ჯი-ეიჩ-ენი“ „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს“- ერთ-ერთმა დამფუძნებელ, სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.

სერგო ჩიხლაძე: ჩემი ამ პარტიაში გაწევრიანება შემთხვევით მოხდა, მაგრამ ამას წინ უძღოდა ჩემი, თითქმის, ორწლიანი  საზოგადოებრივი აქტიურობა. როგორც ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის ექსპერტს ხშირად მიწევდა საჯარო გამოსვლები მედიასთან - ტელევიზიაში, რადიოში, ბეჭდურ მედიასთან  თუ სხვა საჯარო სივრცეში და,  სამწუხაროდ, მიწევდა ჯანდაცვის სისტემაში  არსებული კრიტიკა. ასე რომ, ჩემი მხრიდან გარკვეული აქტიურობა იყო.  რაც შეეხება  უკვე კონკრეტულად ამ პარტიაში გაწევრიანებას, რამდენიმე თვის წინ ვაშაძემ შემომთავაზა, გავისაუბრეთ და დავთანხმდი.

-მანამდე ვაშაძეს იცნობდით?

- არა,  პირადად არ ვიცნობდი. მხოლოდ ტელევიზიით მყავდა ნანახი, რამდენჯერმე შევხვდით, ძირითად საკითხებზ გავისაუბრეთ და მოხდა ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების თანხვედრა ქვეყნის მოწყობის, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან, იგივე სოციალური სფეროს პრობლემატიკაზე ხედვებთან დაკავშირებით და  ასე უეცრად მივიღე პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება. მახსოვს, 2 თუ 3 ივნისს შევხვდით და 5 ივნისს უკვე სადამფუძნებლო ყრილობაზე, რომელიც პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, უკვე სიტყვით გამოვედი, როგორც ერთ-ერთი აქტიური წევრი. 

- პოლიტიკურ აქტიურობას, ზოგადად რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას თუ გეგმავდით? 

- ასე არ ვგეგმავდი, უეცრად  მოხდა და მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ კრიტიკა და საკუთარი ხედვების შეთავაზება კი კარგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ყოფნით უფრო მეტი ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს. მით უმეტეს, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მაინც მიწევდა და ჩემს თავს ვუთხარი, რომ, თუ გინდა, რამე შეცვალო,  უფრო აქტიურად უნდა ჩაერთო პილიტიკურ ცხოვრებაში,  

- რის შეცვლას გეგმავთ?

- ზოგად კეთილდღეობაზე  რომ არ ვისაუბროთ, თუნდაც კონკრეტულად  ჩემი სფერო რაც არის, ჯანდაცვა, სოციალური  სფერო, რომ გაუმჯობესდეს და არ იყოს ის ნაკლოვანებები, რაც დღეს არის.  ადამიანებმა მიიღონ უკეთესი ხარიხხის სერვისები და არ იყოს ის ნაკლოვანებები და შეცდომები, რაც ამ სფეროში არის და, პრინციპში, არამხოლოდ ამ ხელისუფლების დროს, არამედ  თუნდაც  ბოლო  25 წლის განავლობაში.

გარდა ამისა, პოლიტიკური  საკითხები, საგარეო ურთიერთობები, საშინაო პოლიტიკა, რაც ქმნის ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკას მე  ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა და  მაინტერესებს. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ჩემში ქვეცნობიერად მზადდებოდა და ეს გადაწყვეტლებაც სწრაფად ამიტომ მივიღე. როდესაც მოხდა შემოთავაზება და, რაც მთავარია, მოხდა პოზიციების თანხვედრა,  მივხვდი, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა.

- ამ თვეების განმავლობაში კარგად გრძნობთ თავს, თვლით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ?

- თავს უხერხულად ნამდვილად არ ვგრძნობ, მით უმეტეს, რომ ბევრ ადამიანს, ვინც პოლიტიკაში არის, სხვადასხვა ბანაკებში, სხვათა შორის, ისედაც ვიცნობდი მეტ-ნაკლებად. პირველი თვე იყო ცოტა უფრო დაძაბული, რადგან ახალ რეალობას ვერგებოდი, შემდეგ კი აბსოლუტურდ ჩვეულებრივად განვითარდა ყველაფერი.

-არსებულ მდგომარეობაზე რას იტყვით,  პოლიტიკოსის რანგიდან იგივე პრობლემებს ხედავთ თუ სხვა საკითხები გახდა უფრო პრობლემატური?

- პრობლემები და ქვეყანაში არსებული საჭიროებები, საშინაო თუ საგარეო, ცხადია, იგივეა და ისევე ვხედავ პოლიტიკოსის რანგში, როგორც აქამდე ვხედავდი. თუმცა, ახალი გარემოებების გათვალისწინებით ხედვა უფრო ფართო და მასშტაბური გახდა. თუკი ადრე უფრო ვიწრო სპეციალობების მხრივ ვუყურებდი, რომ ამ სფეროში ეს არის გამოწვევა და  იმ სფეროში - ის, ახლა უფრო შეიკრა და უფრო კომპლექსური ხედვა ჩამომიყალიბდა.

-პოლიტიკური თვალსაზრისით მთავარ პრობლემად რას მიიჩნევთ?

-ძირითადი არის სიდუხჭირე, დაბალი სოციალური ფონი, უმუშევრობა. ეს არის პირველი, რაც დღეს ქვეყანაში არის და პირველ რიგია გამოსასწორებელი და მოსაგვარებელი.

- ეს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად  მიგაჩნიათ?

- რასაკვირველია. საერთოდ, ქვეყანაში რაც ხდება, კარგიც  და ცუდიც, ყველაფერი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია და ხელისფლების ბრალია. მე ხაზს ვუსვამ, რომ აქ არ არის რომელიმე ერთ ხელისუფლებაზე  საუბარი. საკმაოდ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი წინა ხელისუფლების დროსაც. არასწორმა პოლიტიკამ მთლიანობაში განაპირობა ის, რომ დღეს ქვეყანა, საერთო ჯამში, მძიმე მდგომარეობაშია.

უშუალოდ მოსახლეობის გაჭირვებას რომ თავი დავანებოთ, პრობლემაა საგარეო პოლიტიკა, ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი, რაც შეიძლება, ხელისუფლებამ გააკეთოს, არის ბიზნესის ხელშეწყობა და ამას არ აკეთებს. ხელისუფლება ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, ეს სისტემურად მიუღებელია, კომუნისტურ ქვეყანაში არ ვართ, სახელმწიფო ქარხანას რომ აშენებდეს. ხელისუფლებამ უნდა შექმნას  გარემო, რომელშიც მერე კერძო სექტორი თავად განვითარდება. თუ არის ხელსაყრელი გარემო, ვითრდება სხვადასხვა სფერო და  ქმნის ეკონომიკას, უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება და არასწორია თუნდაც სუბსიდირებაში დახარჯული თანხები. რაღაც დარგების გამოყოფა, რომ ახლა ამაში ჩავყაროთ  ამდენი, ვიღაცას მოვუხნათ,  ვიღაცას რაღაც მივცეთ და ამით ეკონომიკა თუ ეს კონკრეტული დარგი განვითარდება.  ეს არის ზუსტად არასწორი პოლიტიკა და ისედაც მწირი რესურსის გადაყრა მაშინ, როდესაც ამ ფულის აზრიანად გამოყენება შეიძლება. ამას ერთჯერადი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, მაგრან არც საშუალოვადიანი და მით უმეტეს, გრძელვადიანი და ხანგრძლივი ეფექტი ვერ ექნება.

-რა უნდა გაკეთდეს?

-პირველი არის ის, რომ ქვეყანაში მიმზიდველი საგადასახადო გარემო იყოს, მეორე - გაიოლებული რეგისტრაცია და მომსახურეობის სერვისი. უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი და არაპოლიტიზირებული სასამართლო სისტემა, რომელსაც ბოლო 20-25 წელია, ვერ ვეღირსეთ და ყველა ხელისუფლებას აქვს, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული გადაცდომები და არასწორი ქმედებები. ამიტომ, თუ ეს კომპონენტები დაცული იქნება, შესაბამისად, იქნება გარემოც.

- სამივე კომპონენტში პრობლემაა? წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეგისტრაცია და სერვისი საკმაოდ წარმატებული  იყო და ინვესტიციების ხელშეწყობა ხდებოდა.

- გარკვეულწილად კი, ცოტა გაუარესებულია. თუმცა, წინა ხელისუფლების დროსაც იყო პრობლემები. შეიძლება ინვესტიციების მოცულობა მეტი იყო და იზრდებოდა, მაგრამ სასამართლოს მიმართ სანდოობა მკვეთრად დაეცა. ამას თან სდევდა პირადი საკუთრების ხელყოფა, რაც  ეკონომიკის განვიოთარებას და სანდოობას არანაირად არ უწყობს ხელს. ამიტომ, ეკონომიკამ რაღაც პიკს მიაღწია, შემდეგ გაჩერდა და მერე უკან ჩამოსვლა დაიწყო და ვერც განვითრდებოდა იმ პირობებში, რაც მაშინ შეიქმნა. 

სამწუხაროდ, დღეს  ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება და ვხედავთ მიკერძოებულ სასამართლო პროცესებს. ასევე, უცხოელებისთვის ბარიერების შექმნა და  მათი კასტებად დაყოფა, რომ ვიღაცეებს არ შემოუშვებდნენ და ა.შ. თუმცა, თვითონვე მიხვდნენ ამ პოლიტიკის უვარგისობას და შეცვალეს. მაგრამ ეს ყველაფერი გარემოს ხომ ემჩნევა და ვიღაცას, ვისაც ფულის ჩადება უნდა, ხომ უჩენს კითხვებს, რომ რატომ ჩავდო ფული იქ, სადაც ერთ დღეს შეიძლება, კანონი მიიღონ და ბიზნესი წამართვან და პოლიტიზირებულმა სასამართლომ ვიღაცა კლანის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება. ეს პრობლემა არსებობს და კვლავ რჩება. 

ამის მოსაგვარებლად კი „ახალი საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფმა შევქმენით პროექტი და ამის პრეზენტაციაც გვქონდა,  თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ამას პროექტული სახე მივეცით და გავიტანეთ პარტიული კუთვნილებიდან, რათა არ ყოფილიყო ერთი ჯგუფის კუთვნილება და ხელისუფლებაში ნებისმიერს შეძლებოდა მისი  გამოყენება.

კომპლექსურად უნდა მოხდეს პრობლემების მოგვარება და არა რომელიმე ერთ სფეროში ფულის ჩაყრით, რაც არასოდეს არ არის  შედეგიანი. იგივე ჯანდაცვის სისტემაზე რომ ვისაუბროთ, რაზეც ასე ძალიან შემტკივა გული, 3 მილიარდზე მეტი იხარჯება და ბიუჯეტი 2010 წელტთან შედაებით, გაოთხმაგებულია. თუმცა, შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, არანაირი გაუმჯობესება არ არის. მაშინ ისმება კითხვა, რომ გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი იყო, როდესაც სერვისების ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მაგრამ გაჩერდა და აღარ განვითარდა. ამას კი მოჰყვა ხარისხის დავარდნა, დავალიანებები, ხანგრძლივი მოცდის პერიოდი და ა.შ.

-თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვა არის ის საკითხი, რაზეც საზოგადოებაშო ცალსახად დადებითი განწყობაა და წარმატებულად მიიჩნევა.

- კი, პირველ ეტაპზე ნამდვილად იყო კმაყოფილება, რადგან ხელმისაწვდომობა გაიზარდა. მაგრამ ბოლო კვლევებში კარგად ჩანს, როგორი არახარჯთეფქტური გახდა, როგორი ნაკლოვანებები გადაცდომებია. ანუ, რაც დრო გავა, ეს კმაყოფილება კიდევ უფრო დაიკლებს, რადგან ხარისხი ეცემა. ამას უკვე კორუფციის პრობლემა  და ე.წ. ატკატების თემა ემატება.  გარდა ამისა, უტენდერო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის წესით, როდესაც ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. მართალია, ამაში ჩემპიონი ჯანდაცვის სამინისტროა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა უწყებებშიც ასე ხდება. იგივე თბილისის მერიის შესყიდვებზე არაერთი  ანგარიში გამოქვეყნდა. მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

- პრობლემას სად ხედავთ, ეს პოლიტიკური ნების გამო ხდება?

- ცხადია. კორუფციული სქემები პოლიტიკური ნების გარეშე არ მკვიდრდება და ამის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ კორუფციული სქემებია.  ანუ, გამოდის, რომ პრობლემის მიზეზი პოლიტიკური ნებაა. მეორე - პოპულიზმი და მესამე, არაპროფესიონალიზმი. ხშირად სახელმწიფო მოხელეებმა არ იციან დაგეგმვა და სწორედ ეს დაგეგმა არ ხდება, რაც მერე  იწვევს დანარჩენ პრობლემებს. იგივე ჯანდაცვის სამინისტროში წელს გეგმავენ იმის მიხედვით, გასულ წელს რამდენი დახარჯეს არა  იმის მიხედვით, რომ რისკები გაითვალოს და დაანგარიშება მოხდეს. სამწუხაროდ, ეს მარტო ჯანდაცვას არ ეხება და ყველა სფეროში ასეა. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ისევ იმ ეშხშია, რითაც მოვიდა ისევ 2012 წელშია ჩარჩენილი.

-რეალობას ვერ აფასებენ თუ მიზანმიმართულად ხდება?

- რა თქმა უნდა იციან. როგორ შეიძლება, არ იცოდე, რა ხდება. მე ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვაფასებ და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არ იცოდნენ, ქვეყანაში რა ხდება. უბრალოდ, უკან დახევის გზა აღარა აქვთ. იგვე ჯანდაცვის სისტემაზე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამის ნაკლოვანებაზე დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, სადაც პოპულიზმი ჭარბობს და დიდხანს მიწევდა  თითქმის მარტოს კრიტიკა. მერე პარტიებმაც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი და  ბოლოს კვირიკაშვილაც განაცხადა, რომ რაღაცეები უნდა შეიცვალოსო. მინისტრი და მისი მოადგილეები კი კატეგორიულად აცხადებენ, არაფერი შეიცვლებაო, რადგან ჰგონიათ, კრიტიკას თუ გაითვალისწინებენ, ამით საკუთარ მარცხს აღიარებენ.  არადა, არ  არის ასე და ამიტომ ვამბობ, რომ  ძველ ეშხშია არიან ჩარჩენილები. ეს არის პრობლემა, რომ რაღაცას არ იგებენ, რაღაცას  გვიან გაიგებენ, მაგრამ არ აღიარებენ და ამასობაში გადის დრო. დასაკარგი დრო კი ქვეყანას არა აქვს.

-ეკონომიკა და სოციალური საკითხები გასაგებია, მაგრამ დემოკრატიული განვითარების თავლსაზრისით როგორ აფასებთ ვითარებას?  

დემოკრატიის პრობლემა ნამდვილად არის და ამაზეც ვისაუბრეთ. როდესაც ვამბობთ, რომ სასამართლო არის მიკერძოებული, იქ დამთავრდა ყველაფერი. ხელისუფლების სისუსტე სწორედ ის არის, რომ, როდესაც რაღაც სისუსტეზე მიუთითებ, გადადიან და იმ „საზიზღარ 9 წელს“ გიხსნებენ. გავიგეთ, რომ საზიზღარი იყო და იმიტომ გადავირჩიეთ და  მოხვედი შენ, რომ რაღაც გამოასწორო. მაგრამ შენც თუ იგივეს აკეთებ, მაშინ რაზე შეიძლება ლაპარაკი?

იგივე, რუსთავი2-ის სამე რომ ავიღოთ, რაც არ უნდა ისაუბრონ, რომ ეს არის კერძო დავა, ყველამ ყველაფერი ვიცით და იგივე პრობლემები ჩნდება. რა მნიშვნეობა აქვს, რა ფორმით წაართმევ ვიღაცას საკუთრებას. მით უმეტეს, როდესაც მედიაზეა საუბარი.

- დემოკრატიის პრობლემა წინა ხელისუფლების დროსაც იყო და როგორ ფიქრობთ,  იმასთან შედარებით, ამ ხელისუფლების პირობებში გაურესდა თუ გაუმჯობესდა?

- ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ პორბლემა არსებობს. ჩვენთვის რა შეღავათია, სადღაც 5%-ით შემცირდა თუ არა. ფაქტია, რომ პრობლემები არსებობს და არათუ არაფერი კეთდება ამის მოსაგვარებლად, არამედ მიზანმიმართულადაც ხდება. მაგალითად, წინასაარჩევნო პროცესია და შეხვედრებზე ხედავ, როგორ დაგყვებიან დაბურულმინებიანი მანქანები, როგორ გიშლიან შეხვედრებს და ა.შ. და რა შეიცვალა და სად გაუმჯობესდა?  დემოკრატიის რა წინსვლაზეა საუბარი? მეთოდებიც კი იგივეა, რაც წინა ხელისუფლების დროს და რასაც ეს ხელისუფლება აკრიტიკებდა ოპოზიციაში ყოფნის დროს, ახლა ზუსტად იგივეს თავად აკეთებს. 

- საგარეო პოლიტიკური კუთხით პრობლემას სად ხედავთ?

- სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ქვეყანაში პრორუსული რიტორიკა გაძლიერებულია. ამაზე სეიძლება დავა, რომ ეს ხელისუფლების უნიათობის ბრალია თუ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, მაგრამ  ამას რა მნიშვნელობა აქვს, შედეგი ერთია.

მოვიდა ეს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დათბობის რიტორიკით და კარგი, შევიდა რუსეთში 2 კონა მწვანილი და 5 ბოთლი ღვინო, მაგრამ ამას ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთი პოლიტიკური შედეგი არ მოუტანია, რომ  ამად ღირდეს. ამ რაოდენობის პროდუქციას სხვა ბაზარზეც ძალიან თავისუფლად გაიტან და კარგად თუ იმუშავებ, უფრო მომგებიანადაც გაყიდი. სამაგიეროდ, რას ვხედავთ რუსეთიდან, ყოველ 3-4 თვეში დგება საკითხი, რომ საქართველოსთან შევწყვიტოთ ურთერთობა, რომ კარგად ვერ იქცევა და ა.შ. ასეთი ნაბიჯები არ ამართლებს. ზუსტად რომ პოლუიტიკაა გადამწყვეტი და ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ შველის. იმის ნაცვლად, რომ მსოფლიოს ხშირად შეახსენო შენი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ენას უჩლექ  დამპყრობელს და ამას რა შედეგიც ექნება, ადვილი მისახვედრია და უკვე ვიმკით კიდეც. მით უმეტეს, რომ  მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამოყენება შეიძლებოდა, იგივე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად და ამაზე ექსპერტები ბევრს საუბრობენ და ჩვენ ჩვენი არასწორი პოლიტიკის გამო ესაც დავკარგეთ.  თუმცა, მინდა, ვთქვა, რომ პრორუსული რიტორიკა განწირულია და საქართველოში პერსპექტივა არა აქვს.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ მთავრობა პროდასავლური ძალებით დაკომპლექტდება იმ შემტხვევაში, თუ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდა საჭირო?

-მე ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება. ოცნებამ ხმების დიდი რაოდენობა რომც აიღოს, მე დარწმუნებული ვარ, იმდენს მაინც ვერ აიღებს, რომ მთავრობა დამოუკიდელად დააკომპლექტოს და მასაც მოუწევს გარკვეულ კოალიციებში შესვალდა და უნდა თუ არ უნდა, ამ გუნდსაც  პორდასავლური კურსის გატარება მოუწევს, რადგან პრორუსული რიტორიკა და კურსი განწირულია. მით უმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო იზრდება და ასეთ ფუჭ დაპირებებს აღარ აჰყვება.

ავტორი: . .