ENG / RUS       12+

ნიკოლოზ ვაშაკიძე: აზერბაიჯანისა და სომხეთის გარდა, კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებაში, ყველაზე მეტად საქართველოა დაინტერესებული

რესპოდენტის შესახებ

კავკასიაში ვითარების გამწვავებამ და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებამ ბევრი კითხვა წარმოშვა, განსაკუთრებით საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე „ჯი-ეიჩ-ენი“ საქართველოს დიპლომატთა კლუბის დამფუძნებელს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ კონკრეტულად ახლა რატომ განახლდა საბროლო მოქმედებები და რომელი მხარის ინტერესებში უფრო ჯდება კონფლიქტის განახლება?

თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლი არ არის, რადგან ასეთ შემთხვევებში მხარეების მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თითქმის 100% პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს და იქიდან სიმართლის „გამოდნობა“ ძალზედ ძნელია. სტრატეგიული თვასაზრისით, კონფლიქტის განახლება არცერთი მხარის ინტერესებში არ არის. ღმერთმა არ ქნას და, თუ კონფლიქტის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, ის უმძიმეს უბედურებას მოუტანს ორივე ქვეყანას და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ბუნებრივია, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ამ ყველაფრის ნეგატიური შედეგები საქართველოსაც არ შეეხება.

და მაინც, რა შეიძლება მივიჩნიოთ კონფლიქტის განახლების მიზეზებად?

კონფლიქტის განახლების მთავარი მიზეზებიდან ამ შემთხვევაში გამოვყოფდი იმას, რომ 1. პრობლემის პოლიტიკური მოგვარების გზა, სამწუხაროდ, დღემდე მოძებნილი არ არის, 2. ორივე ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება და შესაბამისი მწვავე შიდაპოლიტიკური პრობლემები აქვთ და 3. ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე, ძირითადად რუსეთის მიერ, მიმდინარეობს როგორც სომხეთის, ასევე, აზერბაიჯანის ინტენსიური მილიტარიზაცია, რომელიც, ცხადია, სახიფათოდ ზრდის ფეთქებადსაშიშ მუხტს.

შესაბამისად, შეგვიძლია ვიმსჯელოთ გარკვეულ ტაქტიკურ ინტერესებზე და, აქედან გამომდინარე, ვივარაუდოთ, რომ ეს გამწვავება ჩაფიქრებულია, როგორც მსხვილმასშტაბიანი, მაგრამ, მაინც, ეპიზოდი. თუმცა, მხარეებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ საკმაოდ მაღალია იმის საშიშროება, რომ საომარი პროცესი შეიძლება ამოხტეს დაგეგმილი სცენარიდან და უკონტროლო, ან, რაც ყველაზე უფრო საშიშია, სხვის მიერ ბოროტად კონტროლირებული ხასიათი შეიძინოს.

რა პოზიცია უნდა ქონდეს საქართველოს კონფლიქტან მიმართებაში და რა არის ის ოქროს შუალედი, როდესაც ჩვენ შევძლებთ მეზობლებთან ურთიერთობაში შევინარჩუნოთ არსებული მდგომარეობა.

ზოგადად, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი არის ის წყევლა, რომელიც არ აძლევს ნორმალური განვითარების საშუალებას სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი რეგიონი, ეს კონფლიქტი რომ არ არსებულიყო, დიდი სინანულის გრძნობა დაგვეუფლება. სწორედ ამიტომ „იზრუნეს“ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა იმაზე, რომ სსრკ-ს დაშლის წინ მინიმუმამდე დაეყვანათ სამხრეთ კავკასიისთვის დამოუკიდებელი და ნორმალური არსებობის შანსები, ხოლო რუსეთისთვის შეენარჩუნებინათ რეგიონზე პოლიტიკური ზემოქმედებისა და აქ პოლიტიკური მანიპულირების მძლავრი ინსტრუმენტი.

საქართველოს პოზიცია ამ ვითარებაში ბუნებრივი და გასაგებია - ის ცდილობს მაქსიმალური ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ჩვენი პოზიცია სერიოზულ მოდერნიზაციას მოითხოვს. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ პასიური ნეიტრალიტეტის ნაცვლად აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას უნდა ვატარებდეთ, რადგან საქართველოა სწორედ ის ქვეყანა, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს გარდა ყველაზე უფრო მეტად არის დაინტერესებული კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებაში და კავკასიის მშვიდობიან განვითარებაში. სანამ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი პოლიტიკურად მოგვარებული არ არის, ის ყოველთვის დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული ჩვენს თავზე და, ღმერთმა უწყის, რა უბედურებას უმზადებს ჩვენს ხალხს მომავალში.

ამიტომ, მინსკის ფორმატის მიუხედავად და, უფრო მეტიც, მისი წარუმატებლობიდან გამომდინარე, საქართველო პარალელურად უნდა მუშაობდეს მხარეთა დაახლოვებაზე, მათთვის ალტერნატიული სასაუბრო მოედნის შექმნაზე, თანამშრომლობისა და მშვიდობის განმტკიცების ინიციატივებზე და ა.შ., და ეს, ყველაფერი, უკვე სამმხრივ, სამხრეთკავკასიურ რეგიონულ კონტექტსში უნდა ხდებოდეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ღმერთის წყალობით, როცა იქნება, ეს უმძმესი პრობლემა მოგვარდა, ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, თუ ამ საკითხში საქართველო თავის გადამწყვეტ პოზიტიურ სიტყვას იტყვის. ამიტომ, ვფიქრობ, უპრიანია, რაც შეიძლება ადრე დავიწყოთ ამ როლის მორგება, ამ საქმეში პრაქტიკული წვლილის შეტანა.

ეს არის რჩევა საქართველოს ხელისუფლებას?

არ მინდა ეს ჩემი მოსაზრება განხილულ იქნეს, როგორც რჩევა დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებისადმი. ეს უფრო მომავლის, იმედია, ახლო მომავლის საქმეა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მისი სტრატეგიული სიბრმავისა, არაპროფესიონალზმისა და საგარეო პოლიტიკის ფორმირების საეჭვო მექანიზმებიდან გამომდინარე, ნებისმიერი მასშტაბური საგარეო-პოლიტიკური ინიციატივა მეტად სახიფათო იქნებოდა.

არის თუ არა საკმარისო საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა კონფლიქტის ამ ეტაპზე?

ვფიქრობ, ახლა ბევრი რამე დიპლომატიურ სამზარეულოში და კულისებს მიღმა ხდება. ასეც უნდა იყოს. რამდენად ეფექტურია ეს მუშაობა, ახლო მომავალი გვიჩვენებს. იმედს ვიტოვებ, რომ მასშტაბური ხანძარი რეგიონში თავიდან იქნება აცილებული.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა

ავტორი: . .