ENG / RUS       12+

სულხან ღლონტი: ეს არის არა ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია, არამედ ძალადობა ქალაქზე

რესპოდენტის შესახებ

ბათუმში ბულვარის განვითარების კონცეფცია საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შორის მწვავე დისკუსიის საკითხი გახდა. „ჯი-ეიჩ-ენი“ ამ თემასთან დაკავშირებით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარის სულხან ღლონტის პოზიციით დაინტერესდა.

ბატონო სულხან, ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციამ ბათუმელებში ვნებათაღელვა გამოიწვია, რა გახდა კრიტიკის მიზეზი?

ის ფორმა, რომლითაც ბულვარის განვითარების კონცეფცია იქნა წარმოდგენილი და ასევე კონცეფციის შინაარსი,  არის არა ბულვარის განვითარება, არამედ ძალადობა ქალაქზე. ერთ კომპანიას  დრიმ ლენდ ოაზისს მისცეს ექსკლუზიური უფლება ემუშავა განვითარების კონცეფციაზე, რაც ბუნებრივია საქმის არასწორი დასაწყისია და აჩენს ეჭვებს. არავინ იცის რატომ შეირჩა ეს კომპანია და რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ აუცილებელად ამ კომპანიას ესმის საუკუნოვანი ბულვარის განვითარება ყველაზე სწორად. გასათვალისწინებელი ის ფაქტიც, რომ აჭარის ეკონომიკის სამინიტროს, რომელმაც მისცა ექსკლუზივი კონცეფციაზე სამუშაოდ ზემოაღნიშნულ კომპანიას, ადრე სხვა ხელშეკრულებების არაჯეროვნად შესრულების გამო დაჯარიმებული ყავს. 

რა ფორმით იქნებოდა მისაღები ბათუმელებისთვის კონცეფციის წარდგენა?

ბათუმის ბულვარის მესაკუთრეც და მომხმარებელიც პირველ რიგში არიან ბათუმელები და შემდეგ ბუნებრივია ქალაქის  სტუმრები. ასეთი საკითხები ქალაქთან შეთანხმებით, გამოკითხვით, რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტის წარდგენით უნდა წყდებოდეს. ერთი კონცეფციის არსებობამ  გამოიწვია პროტესტი და პროტესტი არის სამართლიანი. თან მისი შინაარსი ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელ ღირებულებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს. სრულად ნადგურდება ერთი ალეა და ბულვარი რეკრეაციული, დასასვენებელი სივრციდან, პრაქტიკულად გადაიქცევა სრულად კომერციულ სივრცედ. ყველაფერი ეს დავაზუსტებ დაგეგმილია ძველი ბულვარის ხარჯზე და ეს იწვევს განსაკუთრებულ ვნებათაღელვას.

კრიტიკის ძირითადი საგანი არის განვითარების ეს კონცეფცია,  თუ ზოგადად აჭარის ეკონომიკის სამინიტრიოს ხედვა დაიწყოს ბულვარის განვითარება?

განვითარების წინააღმდეგი არავინ არ არის, მთავარია განვითარება მოხდეს სწორად და ისე რომ მასზე იყოს ბათუმელებში კონსესუსი. როცა კულტურული მემკვიდრეობის საუკუნოვან ძეგლს ეხება საქმე, ქალაქი ასე მარტივად არ დათმობს ამ თემას. სიტყვა განვითარება როცა კულტურულ მემკვიდრეობასთან გვაქვს საქმე ძალიან პირობითი ცნებაა, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს განვითარება  და ვიღაცისთვის განადგურება, ყველაფერი უნდა ხდებოდეს სტანდარტების დაცვით.  

ბათუმის ბულვარის მართვა უნდა ხდებოდეს არა ეკონომიკის სამინიტროს, არამედ  ქალაქის მერიის მიერ  საკრებულოს მონიტორინგით. ეკონომიკის სამინიტროს არგუმენტი, რომ ბულვარის მოვლა პატრონობის თანხა არ გააჩნია მერიას  არის სუსტი, რადგან თვითონ ეკონომიკის სამინიტრო ამ თანხას აჭარის ბიუჯეტიდან იღებს, ასევე შეიძლება ეს თანხა ტრანსფერის სახით მიიღოს ბათუმის მერიამ და მართოს თავისი ქონება. ასე რომ ეს საკითხი კომპლექსურად არის მოსაწესრიგებელი.  

მერიაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საინიციატივო ჯგუფებთან შეხვედრის დროს  გაჟღერდა „საკითხის პოლიტიზირება“ და რამდენად მართებულია მათი ეს შეფასება, რამდენად ჩართული ხართ პოლიტიკური ოპოზიცია ამ საკითხში?

სიმართლე გითხრათ ველოდეი კიდეც ამგვარ განცხადებებს ხელისუფლების მხრიდან. ეს არის მათი მხრიდან  სისუსტის და უცოდინრობის გამოვლინება. რაც ეხება საზოგადოებას და მის საჭიროებებს ყველა თემა ასევე არის პოლიტიკური. თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს არ გახდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის საჯილდაო ქვა და საკითხი, რადგან საქართველოში ყველა ხელისუფლება ერთი და იმაზე გზაზე დადის, მათ პოლიტიკურ ჯგუფებთან კომპრომისი დამარცხება ჰგონიათ და ამიტომ ჩვენთვის მთავარია წინა პლანზე იყვნენ საზოგადოებრივი, საინიციატივო ჯგუფები და არა პოლიტიკური პარტიები და ამას ღიად ვამბობ იმიტომ  რომ საქმე არ დაზარალდეს. საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც აქციებს მართავენ,  ბათუმელები და ბათუმის გულშემატკივრები არიან აპოლიტიკური აქციის ორგანიზატორები და ისინი ამას ღიად ამბობენ და ჩვენ მათ ამ მოწოდებას მათდამი  პატივისცემით ვითვალისწინებთ.

რას სთავაზობთ ხელისუფლებას?

როგორც ბათუმელმა მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, თუ უახლოეს პერიოდში  საინიციატივო ჯგუფებთან ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ ამ თემებში პირველ ეტაპზე ჩავერთვებით  ბათუმის საკრებულოში ჩვენი წარმომადგენლებით და სასამართლო სარჩელით და თუ ამის შემდეგ ისევ არ მოხდება შეთანხმება  შემდეგ უკვე საპროტესტო აქციებით. როგორც ჩანს ხელისუფლებას არ ესმის ამ თემის სიმწვავე და ისინი ჯიბრში დგებიან ბათუმელებთან. პრაგმატულად ეს მათ მხრიდან არის უდიდესი შეცდომა და მოვუწოდებ მოლაპარაკებების მაგიდასთან საინიციატივო ჯგუფებში ეძებონ არა პოლიტიკური ოპონენტები, არამედ ბათუმის მომავალით დაინტერსებული ხალხი. თუ არსებობს ხელისუფლებაში მრჩეველი, რომელიც ამბობს რომ ბათუმელებთან კომპრომისი და საკითხის კონსესუსით გადაწყვეტა არის უკან დახევა, ასეთი მრჩეველი არის ბრიყვი. მოვუწოდებ ხელისუფლებას საკითხს შეხედონ ემოციების გარეშე, ჩვენ ბათუმელები ველოდებით ბათუმისთვის მისაღებ  ისეთ კონცეფციას და განვითარების გეგმას რომელიც ბულვარს  უფრო მიმზიდველს გახდის. ის რაც დღეს არის წარმოდგენილი, არის დაწუნებული ბათუმის მიერ და მას განხორციელება არ უწერია.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა

ავტორი: . .