ENG / RUS       12+

ნოდარ ნათაძე: "წადი, წადი" ლოზუნგი არ არის. ლოზუნგი არის "დამიბრუნე საარჩევნო უფლება..."

რესპოდენტის შესახებ

 ოპოზიცია ნოემბრის დასაწყისში კვლავ აქციების გამართვას გეგმავს. ლიდერები აცხადებენ, რომ მათ სამოქმედო ტაქტიკა შეცვალეს და ხელისუფლებასთან ბრძოლას ახალი სტრატეგიით იწყებენ. შეძლებს თუ არა ოპოზიცია საზოგადოების მობილიზებას და ქვეყანაში არსებული ნიჰილიზმის გაფანტვას, ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო ფრონტის ლიდერი, ნოდარ ნათაძე ესაუბრა.

_ ოპოზიცია ამ შემადგენლობით, ამ განწყობით, ამ დონით, რომელიც დღეს არის, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად უპერსპექტივო. უნდა გაერთიანდნენ, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ კადრი არ ყოფნით. მე ვლაპარაკობ კვალიფიციურ კადრზე. შეიძლება ვიღაცას ეკონომისტი ჰყავს საშუალო, ვიღაცას საშუალოზე ცოტა უკეთესი, ერთს კიდევ ჰყავს ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ საკითხებში ჩახედული, დანარჩენებს არავინ არ ჰყავთ, ასე რომ, სააზროვნო გუნდი, რომელიც რაღაც კონდიციას აკმაყოფილებს, ამ პარტიებში რაღაც გაჭირვებით შეკოწიწდება, მაგრამ ცალკე არც ერთს არ ჰყავს კადრები, ამიტომაცაა, რომ ინტელექტი სძულთ, როგორც კლასობრივი მტერი. ასეთი მიდგომით პოლიტიკა ვერ გაკეთდება. არც ერთ მათგანს, არა მარტო იმიტომ, რომ გულწრფელნი არ არიან, არამედ, იმიტომ, რომ ინტელექტი არ ჰყოფნით, პროგრამა არ აქვთ წარმოდგენილი ხალხისთვის, ამიტომაც ქართველი ერის ნამდვილი პოტენციალი ამ პარტიებში არ მიდის. თუ იქნება ერთი პარტია, იქ მოვა პოტენციალი, იმას დონე ექნება, მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმატებული ბრძოლა ამ ხელისუფლებასთან.

_ როგორ ფიქრობთ, რა შეცდომები მოუვიდა ოპოზიციას აქციების დროს და რატომ ვერ მიაღწია კონკრეტულ შედეგებს?

_ მათ სააკაშვილი არ დაგმეს და არ უარყვეს იმ ძირითადი დანაშაულისთვის, რომელიც მას აქვს. ის არის საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მტერი. ის არის ქვეყნისა და სახელმწიფოს მოღალატე რუსეთის სასარგებლოდ. ის, რომ არადემოკრატია, რომ კაციჭამიაა, რომ ქიმიური გაზებით მოსახლეობის მომწამვლელი და ქურდბაცაცაა და ა. შ. _ მეორე ბრალდებაა. პირველი ბრალდება მათ სააკაშვილს არ წაუყენეს. მეორე, მათ საზოგადოებას, ერს, ქვეყანას ვერ შესთავაზეს ვერანაირი პროგრამა. მესამე: ის ენერგია, რომელსაც მობილიზაცია გაუკეთეს და ქუჩაში გამოიყვანეს, არ წარმართეს სწორი მიმართულებით. მათ წარმართეს უპერსპექტივო ლოზუნგის მიმართულებით. "წადი, წადი" ლოზუნგი არ არის. ლოზუნგი არის "დამიბრუნე საარჩევნო უფლება, მომეცი სწორი საარჩევნო კანონი". ამაზე ვერავინ გეტყვის, ტყუილად გამოდიხარ ქუჩაშიო. მეორე: "დანიშნე ვადამდელი არჩევნები, იმიტომ, რომ ხარ არალეგიტიმური, ხელისუფლებაში ხარ დარჩენილი ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად და მესამე, "ჩაატარე რეალური არჩევნები, ანუ მიმაღებინე მონაწილეობა არჩევნებში". სამივე ეს არის ძალისმიერი ამოცანა. უნდა გამოსძალო საარჩევნო კანონი, უნდა გამოსძალო, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და ფიზიკურად უნდა მოუგო არჩევნების დღეს, დათრგუნო პოლიციის ჩარევა, კარუსელი და ა. შ. აი, ეს არის რეალური ამოცანა. ამ რეალურ მიმართულებას ოპოზიციამ ააცილა ხალხი. ამის გამო მიმაჩნია, რომ ამათი ახალი გააქტიურება არის ნაფტალინიდან ფიტულების ამოღება.

_ ოპოზიციის ლიდერთაგან, თქვენი აზრით, ვინ იმსახურებს ნდობას და საერთოდ, როგორ დაახასიათებდით მათ?

_ ოპოზიციის ყველა ლიდერი გულწრფელი არ არის, ბურჯანაძე, ჩემი აზრით, რუსებისაა, ნათელაშვილი, ცხადია, რუსების ყურმოჭრილი ფინიაა, ნოღაიდელზე ლაპარაკი ზედმეტია, ფორუმის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, რუსებისაა, ალასანია გაურკვეველი ფიგურაა ჯერჯერობით. დიდი ალბათობაა, რომ ის იმავე ფერისაა, რაც სააკაშვილი, ანუ შესახედად დასავლური და სინამდვილეში აღმოსავლური. ვინც გულწრფელია და გულით არის მოსული პოლიტიკაში, ის ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. ანდაზაა ევროპული, "ჯობია პირველი კაცი იყო სოფელში, ვიდრე მეორე კაცი იყო ქალაქში". ეს ანდაზა პარტიულ მუშაობაში არ ჭრის. სოფლის დონეზე სახელმწიფოს პოლიტიკა არ გაკეთდება. უნდა შეკრა ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მობილიზებას გაუკეთებს საქართველოს რეალურ პოტენციალს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებით.

_ ოპოზიციას რომ მიეღწია მიზნისათვის, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებდნენ ისინი საზოგადოების მოლოდინების გამართლებას?

_ ამ მეთოდებით, რომელიც ოპოზიციამ დღევანდლამდე იხმარა, შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების უარესი ნაწილის მობილიზება. უკეთესს ამ ხერხით ვერ გაუკეთებ მობილიზებას. არჩევნებზე გამოვიდოდნენ უპროგრამოდ? გამოვიდოდნენ, მაგრამ გაჰყვებოდა მხოლოდ საზოგადოების "ჩამოწერილი" ნაწილი. უარესს გეტყვით. თუ იქნებოდა მხოლოდ სააკაშვილი და მხოლოდ ოპოზიცია, ხალხი მისცემდა ხმას ოპოზიციას, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც შეიქმნებოდა, იქნებოდა ვაიხელისუფლება, რომელშიც იქნებოდა ერთადერთი კვალიფიციური ადამიანი _ სალომე ზურაბიშვილი, მეტი არც ერთი. ეს ხომ ნათელია? მთავარი ამათი მინუსი ის არის, რომ ერში არსებულ პოტენციალს ვერ გაუკეთეს მობილიზება. ვერ გაუკეთეს იმიტომ, რომ ვერ დაანახეს ჭკვიანი კაცისთვის ხილული პერსპექტივა.

_ როგორ შეაფასებდით დღეს ქვეყნის საგარეო და საშინაო ვითარებას?

_ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა არის პირწმინდად რუსეთის მიერ ნაკარნახევი. ეს არის სახელმწიფო მოღალატეების პოლიტიკა. დავიწყოთ იქედან, რომ დაგვტოვეს დსთ-ში, არ განაცხადეს მსოფლიოს წინაშე ოფიციალურად, ინტერვიუებში კი არა, რომ რუსეთი დაწყებული 1992 წლის 6 იანვრიდან და მანამდეც აწარმოებს ომს საქართველოს წინააღმდეგ. არ გააუქმეს რუსეთის სამშვიდობო მანდატი. არ წარადგინეს მსოფლიოში არა ნებართვის სათხოვნად, არამედ გასაცნობად და საკონსულტაციოდ კონკრეტული გეგმა, როგორ ხედავს საქართველო თავის სეპარატისტულ რეგიონებთან პრობლემების გადაჭრას. არ უთხრეს მსოფლიოს, რომ არავითარი ოსეთი კავკასიონის სამხრეთით არ არსებობს და ეს არის რუსეთის მიერ მოგონილი და შექმნილი ერთეული და მას არც ერთი საათი არ უარსებია იქ რუსეთის ჯარების დგომის გარეშე. არ აუხსნეს, რომ აფხაზეთი აფხაზების ქვეყანა არ არის. რომ აფხაზეთს იმიტომ კი არ ჰქვია აფხაზეთი, რომ იქ აფხაზები, ანუ აფსუები ცხოვრობენ, პირიქით, აფსუებს იმიტომ დაერქვათ აფხაზები, რომ საქართველოს "აფხაზეთად" წოდებულ პროვინციაში არიან მოსულები. ეს არ აუხსნეს მსოფლიოს და რეალურად ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადადგეს იმისათვის, რომ დასავლეთმა საქართველო განიხილოს, როგორც რეალური მოკავშირე და არა როგორც ცარიელი ტერიტორია. ვინც სააკაშვილს, მერაბიშვილს, ეკას, მაკას და ლიკას უყურებს _ ამ უტვინოებს სახელმწიფო სათავეში, იმას საქართველო მართლაც სიცარიელე ჰგონია, იმიტომ, რომ ამათი სახით მართლა სიცარიელეა. ვერ გააკეთეს ისე, რომ ქვეყანას შეექმნა რაღაც მინიმალური პრესტიჟი მსოფლიოში. დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ვერ გაატარეს, მომავალზე ორიენტირებული, ქვეყნის რეალურ ფეხზე დგომაზე ორიენრტირებული საგარეო პოლიტიკა ვერ მოიაზრეს, ვერ გაატარეს და არც გაატარეს.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, ამათ მხოლოდ რეაგირება შეუძლიათ. ამათ გეგმის დასახვა და მოქმედება არ შეუძლიათ. ამათ წარმოდგენაში საქართველოს მომავალი არის მომსახურე ერად ყოფნა. ეს რეალობაა. ამათი საშინაო პოლიტიკა არის რუსეთის მიერ დავალებული დივერსია, რომელიც უნდა გატარდეს რუსეთის დავალებითვე ე. წ. დასავლური ღირებულებების სახელით. ეს ეკონომიკური დივერსიაც არის და იდეოლოგიურიც ერთდროულად. ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ამათი არის განათლების მოსპობა. ამაზე მასშტაბით უფრო დიდი დანაშაული და შინაარსობრივად ამის მომდევნო დანაშაული არის ეკონომიკის ჩაძირვა. ესენი ატარებენ სასიცოცხლოდ საჭირო ობიექტების გაყიდვის პოლიტიკას, რისი უფლებაც, რა თქმა უნდა, არ აქვთ. არ შეიძლება ქვეყანას თავის საკუთრებაში არაფერი დარჩეს. ისინი ყველაფერს ყიდიან. სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის კანონის მიღება მათ მიერ _ ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ისტორიული მასშტაბური დანაშაული ქვეყნის წინაშე. იმედი მაქვს, რომ თუკი ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები, გავემიჯნებით ღიად, თვალსაჩინოდ სააკაშვილის ხროვას, როგორც უცხოეთს აგენტურას და მეორე, როგორც არალეგიტიმურს, ანუ ხელისუფლებაში დარჩენილს, როგორც ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად, ამით გვექნება საფუძველი, გავაუქმოთ როგორც ამათი კაპილულაციური ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ისე ამათ მიერ ობიექტების ჩალის ფასად გაყიდვის აქტები. ჩვენ შეგვიძლია რეგენერაცია იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ჩაგვაგდეს.

_ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, როგორია თქვენი მოსაზრება? იცნობთ თუ არა ტალიავინის კომისიის დასკვნას და რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?

_ წავიკითხე ტალიავინის კომისიის დასკვნის პირველი მოხსენებითი ნაწილი. წავიკითხე ჩვენი ხელისუფლების ანგარიში აგვისტოს ომის შესახებ, წავიკითხე ძველი მასალა ინტერნეტში და ჩემი დასკვნა ასეთია: ომი დაიწყო რუსეთმა. მხედველობაში მაქვს არა ქართული სოფლების დაბომბვა, არა ათასნაირი დივერსია და აგრესიული მოქმედებები, არამედ, გაშლილი დროშით ოფიციალური ომი რუსეთმა დაიწყო 6-7 აგვისტოს. ამ დღეების განმავლობაში, სროლა რომ გამოვრიცხოთ, რუსეთმა ომი წარმართა ომის წარმოების მრავალ მეთოდთაგან ერთის გამოყენებით _ მანევრით. მანევრი, ანუ ჯარების გადაადგილება ისევეა ომის ელემენტი, როგორც სროლა. ეს ომის ნაწილია. რუსეთმა 6-ში და 7-ში აწარმოა ომი მანევრით და ეს ომი მოიგო, ანუ დაიკავა ყველა პოზიცია, რომლითაც საკმარისი იყო ქართული ჯარის განადგურება. ეს რომ დაამთავრა, მერე სააკაშვილს დაავალა: "სანამ 7 რიცხვი დამთავრდებოდეს, ანუ სანამ 12 საათი შესრულდებოდეს, ცოტა ადრე ისიმულიანტე ომის დაწყება". სააკაშვილმა ეს შეასრულა. როცა რამდენიმე წუთი აკლდა თორმეტს, მან გააკეთა განცხადება, რომ ომი დაწყებულია, გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება და თანაც დაავალა გენერალ ყურაშვილს, განცხადება გაეკეთებინა, რომ ეს კეთდება ცხინვალის კონფლიქტურ ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად და არა რუსეთის დარტყმის მოსაგერიებლად. ეს დავალება სააკაშილმა შეასრულა ერთი იმით, რომ ისროლა მაშინ, როდესაც უბრძანეს, მეორე: ისროლა იმ ტიპის ჭურვი, რომელიც რუსეთმა უბრძანა და იმ მიმართულებით, სადაც რუსეთმა უბრძანა, ანუ დაცარიელებულ ქალაქ ცხინვალისკენ და არა როკის გვირაბისკენ, რომელიც სავსე იყო რუსული ჯარით. აქედან დასკვნა: ომი დაიწყო რუსეთმა, მოიგო მანევრით, შემდეგ სააკაშვილს დაავალა ომის დაწყების სიმულაცია, აი ეს არის ომის დაწყების მთელი ისტორია. ტალიავინის დასკვნაში, სხვათა შორის, არ წერია, რომ რუსები გადაადგილებას არ აწარმოებდნენ, იქ წერია: "ჩვენ ვერ ვიპოვეთ ნივთმტკიცება, რომელიც ცალსახად დაგვისაბუთებდა, რომ რუსები მოძრაობდნენ. სააკაშვილს რომ გაეკეთებინა განცხადება 6-ში, რომ რუსეთი შემოდის და მიშველეთ, მაშინ ტალიავინს ამის თქმის საშუალება აღარ ექნებოდა.


_ როგორც ცნობილია, რუსეთის დუმა იღებს კანონპროექტს, რომლის საფუძველზედაც მას ექნება შესაძლებლობა, საომარი მოქმედებები აწარმოოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად საფრთხისშემცველია ეს საქართველოსთვის?

_ ამ კანონში რომ არგენტინა არ იგულისხმება მოწინააღმდეგედ, ინგლისი და თურქეთი _ ნათელია. აქ ვიგულისხმებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ და მოსაჩვენებლად უკრაინაც. გამოდის, ჭკუამოკლე ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და აცხადებს, რომ რუსეთი ვერ დაგვარტყამს. ეს ტყუილია. არის რეალური ალბათობა, რუსეთმა დაგვარტყას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რუსეთს აქვს თავისი იმპერიული ინტერესების დაცვის კონცეფცია ე. წ. მცირე ომებისა. ეს არის გაგრძელება ახალ პირობებში რუსეთის ე. წ. მცოცავი იმპერიალიზმისა. რუსეთის კონცეფციაა, შეინარჩუნოს გავლენა და ბატონობა თავის ყოფილ იმპერიულ სივვრცეში, პირველ ყოვლისა, ამიერკავკასიაში. ეს არის მისი ერთადერთი შანსი _ თავისი იმპერიული მდგომარეობა შეინარჩუნოს. ამიტომ არ არის გამორიცხული: რუსეთი გულწრფელად ფიქრობს, საქართველოს ბლოკირებით დასავლეთს გადაუკეტოს გზა შუა აზიისაკენ, რომელიც არის ძირითადი სტრატეგიული გზა დღევანდელ მსოფლიოში. შესაძლებელია, ამას სერიოზულად ფიქრობდეს და ბირთვული დარტყმა საქართველოზე ამისთვის იქნება მისთვის საუკეთესო ნაბიჯი: სხვებსაც შეაშინებს და ქართულ მოსახლეობასაც გაანადგურებს მთლიანად.

მეორე ფაქტორი: მედვედევმა რომ აღნიშნული კანონპროექტი დუმაში შეიტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე ჩაიდინა დანაშაული საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. რატომ არ რეაგირებს ამაზე დასავლეთი? აქედან ჩნდება ეჭვი: დასავლეთი დუმს, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს მთავარი ამრევი, კულტურისა და ცივილიზაციის მოწინააღმდეგე, დემოკრატიის მთავარი მოწინააღმდეგე, რუსეთი, ამ აგრესიული ბირთვული დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, წავა ისტორიის ასპარეზიდან დიდი ხნით. დასავლეთი, ფაქტობრივად, მდუმარედ უხსნის გზას რუსეთს ამ აგრესიული ქმედებისკენ. რუსეთი ამას გრძნობს. ამიტომ სერიოზული პოლიტიკოსი დღეს ვერ იტყვის, რომ ბირთვული დარტყმა საქართველოზე გამორიცხულია. გამორიცხული არაფერია. შესაძლებელია, ეს განზრახულია მხოლოდ ზეწოლისთვის. მაგრამ თუ ეს ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ფსიქოლოგიური მზაობის სიმულაციაა, მაშინ ეს (რომ სიმულაციაა და არა რეალური განზრახვა) იცის სულ რამდენიმე კაცმა. გენერალიტეტმა ეს არ იცის. ის ამ დარტყმას ამზადებს მთელი სერიოზულობით და არავინ იცის, რომელი გენერალი დაამხობს რომელ მინისტრს და პრეზიდენტს და ვის წაუცდება ხელი ამაზე.

_ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს რუსეთის აგრესია?

_ ის ვალდებულია გააკეთოს ორი რამ: იყვიროს მსოფლიოში, "ატომურ ბომბებს მიშენენ და მიშველეთო", ოფიციალურად იყვიროს, რომ ვერავინ ისიმულანტოს, თითქოს ამას ვერ ამჩნევს. პრეზიდენტები არ არიან ვალდებულნი, მეორე ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლები მოისმინონ, მაგრამ ვალდებულნი არიან, ის ნოტა წაიკითხონ, რომელსაც რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი გზავნის და ნოტაში წერია "მიშველე, თუ ძმა ხარ, თუ გინდა მსოფლიოს გადარჩენა, მიშველე". მეორე მოვალეობაა, რომ ვინც არის ფულის გამღები, სთხოვოს, მომეცი ფული, რომ შევუდგე თავშესაფართა სისტემის მშენებლობას. ბირთვული დაბომბვის თავშესაფარი არის ქმედითი საშუალება, რომ ჩემი მოსახლეობა გადარჩეს. ამასაც არ აკეთებენ. ამ ორი ნაბიჯის არგადადგმა ამ ხელისუფლების მხრიდან, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მკაფიო საბუთია იმისა, რომ ეს ხელისუფლება არის რუსეთის სამსახურში.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა რიტა ყაველაშვილი

ავტორი: . .