ENG / RUS       12+

ქართველ ექსპერტთა ხედვა - საქართველოს ხელისუფლების ვადამდელი შეცვლის შესახებ

მიზეზები, საფრთხეები, პერსპექტივები


გზავნილი პირველი - მიზეზები.

2009 წლის 9 აპრილს თბილისში დაწყებული ხანგრძლივი, მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ წარმოაჩენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებულ უფსკრულს.

ასეთი დაპირისპირების საფუძველს, საზოგადოების დიდი ნაწილის ხედვით, წარმოადგენს უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომათა და ჩადენილ დანაშაულებათა რიგი, რომელმაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში დაამკვიდრა:

- შეუზღუდავი ერთპიროვნული ძალაუფლების გამოყენების პრაქტიკა;
- ზღვარგადასული ერთპარტიული დიქტატი მთელ ქვეყანაში;
- უსაფუძვლო პოლიტიკური ქედმაღლობა საერთაშორისო ურთიერთობებში;
- ქვეყნის კანონმდებლობისა და ტრადიციული ზნეობრივი ნორმების უპატივცემულობა;
- საზოგადოების უნდობლობა არჩევნების, როგორც ცივილიზებული პოლიტიკური ინსტრუმენტის, მიმართ;
- საყოველთაო უსამართლობა, ძალადობა და სიყალბე;
- უკიდურესი სიღარიბე და გაუსაძლისი ყოფა;
- მუდმივი საფრთხის და დაუცველობის განცდა;
- არაადეკვატური, მათ შორის, დანაშაულებრივი ეკონომიკური პროცესები;
- ფართომასშტაბიანი ელიტარული კორუფცია;
- განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ შანტაჟისა და ცილისწამების ატმოსფერო;
- ხელისუფლების მიერ მიტაცებული სატელევიზიო სივრცის მიმართ უნდობლობა, მისი პოლიტიკური ზეწოლისა და მოსახლეობის დეზინფორმაციის ინსტრუმენტად გამოყენების მრავალი ფაქტის გამო;
- გონებრივი შრომისა და ზოგადად, პროფესიონალიზმის მიმართ უდიერი დამოკიდებულება და სხვ.

ყოველივე ზემოთქმულმა გამოიწვია სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების დღევანდელი ტრაგიკული რეალობა, რომელშიც:

- ადამიანი, როგორც სახელმწიფოს მთავარი ფასეულობა, არ არის მიჩნეული პრიორიტეტულად. ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაუცველობა იქცა საზოგადოების ხელისუფლებასთან მუდმივი დაპირისპირების მიზეზად.

- ხელისუფლების მიერ Mსაზოგადოებაში მილიტარისტული ცნობიერების და ქართული ჯარის უძლეველობის მითის დამკვიდრების მცდელობა დასრულდა იმავე ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის ადვილად პროგნოზირებადი უუნარობით;

- საზოგადოება დათრგუნულია 2008 წლის აგვისტოში განცდილი ელვისებური სამხედრო-პოლიტიკური მარცხით, ასეულობით თანამემამულის დაღუპვით, ათეულ ათასობით ახალი დევნილის მძიმე ხვედრით, ქვეყნის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ოკუპაციით, ხელისუფლების მიერ ამ მოვლენათა არაადეკვატური შეფასებებითა და ყალბი ოპტიმიზმით;

- შეზღუდულია ქვეყნის სუვერენიტეტი,

- დაკნინდა საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის, როლი კავკასიაში.

- საფრთხე შეექმნა ქვეყნის მიერ საკუთარი გეოპოლიტკური ფუნქციის სრულფასოვანი რეალიზაციის პერსპექტივას;

- კატასტროფულად დაეცა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ავტორიტეტი;

- ხელისუფლებას არ გააჩნია რაიმე ახალი ხედვა ქვეყანაში წარმოქმნილი ახალი გამოწვევების დასაძლევად. Mმან ვერ წარმოაჩინა საკუთარი უნარი და სანდო პოტენციალი ახალი რეალობის საღად გააზრებისა, საზოგადოებისთვის ახალი გზების და სამოქმედო გეგმის შეთავაზებისათვის.

- ხელისუფლება იქცა შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებთან სამშვიდობო დიალოგის ინიცირებისა და წარმართვისათვის;

- ხელისუფლებას აღარ აქვს წარმატების პერსპექტივა, როგორც მხარეს, ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანებისთვის აუცილებელ ქართულ - აფხაზურ, ქართულ - ოსურ, ქართულ - კავკასიურ, ქართულ - რუსულ და ქართულ - ევროპულ მოლაპარაკებებში;

- ხელისუფლებას დღემდე არ შეუთავაზებია რაიმე გზავნილი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რათა დაერწმუნებინა, რომ ბრძოლა "წესების გარშე" საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, აღარ არის მისი მთავარი მიზანი.

საკმარისია თუ არა ჩამოთვლილი მიზეზები საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისთვის?

ამ კითხვაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის არგუმენტაციაში ხელშეწყობისთვის, უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ჩვენ ხედვას იმ რეალური და პოტენციური საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა:
- ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში;
- ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში.

სოსო ცისკარიშვილი, ვლადიმერ პაპავა, ირაკლი სესიაშვილი, შალვა ფიჩხაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი ხუციშვილი, გია ხუხაშვილი

ავტორი: . .