ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე. იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2020 წლის 2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე მინისტერიალი შემჭიდროვებულ, დისტანციური ფორმატით ჩატარდა, საქართველოს საკითხს ალიანსის დღის წესრიგში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
"მინისტერიალის ფარგლებში,COVID-19-ის გავრცელების და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, მინისტრებმა განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ ზომებში შედის ისეთი ინიციატივები, როგორიცაა:
საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში;
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება;
საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში;
უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.
ხსენებული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის 2020 წლის 27 მარტის სატელეფონო საუბრისას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას შეთანხმებული საკითხების იმპლემენტაციის მიზნით.
მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ალიანსი კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი და მეტიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს.
დღევანდელ მინისტერიალზე მიღებული ზომები კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან, გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.