„ჯი-ეიჩ-ენი“ ესაუბრა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგს, ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მაგისტრს, ეკატერინე ქარქაშაძეს.
- ქ-ნო ეკა, ახლა ისედაც გრიპის სეზონია და ძნელია გაარჩევა, როდის აქვს ადამიანს ჩვეულებრივი სეოზნური გრიპი და როდის ახალი კორონავირუსული ინფექცია. ადამიანებმა რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება და როდის მიმართონ ექიმს?
- ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი, ხველა, ზოგჯერ სურდო. დიაგნოზის დასმა შეუძლებელია მხოლოდ კლინიკური ნიშნებით, ლაბორატორიული ანალიზის გარეშე.
ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება კლასიკურ გრიპსა და კორონავისრუსს შორის არის ის, რომ გრიპის დროს სიმპტომები ვითარდება უეცრად და ერთბაშად, ხოლო კორონავირუსს ახასიათებს სიმპტომების თანდათანობით განვითარება.
თუ პაციენტს აქვს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, უნდა დარჩეს სახლში, იზოლაციაში და ტრადიციული მეთოდებით (მოსვენება, სიცხის დამწევი, თბილი სითხეები) ეცადოს მდგომარეობის მართვას.
ექიმს უნდა მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ ორი-სამი დღის შემდეგ სიცხე მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული, ან დაუმძიმდა მდგომარეობა და განუვითარდა სუნთქვის გაძნელება, ქოშინი. ამ შემთხვევაში მე მაინც რეკომენდაციას მივცემდი, რომ პირველ რიგში ტელეფონით დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ცხელ ხაზს და მიჰყვეს მიცემულ რეკომენდაციებს.
- რადგან ჯერჯერეობით კონკრეტული წამალი არ არსებობს ინფექციის წინააღმდეგ და მკურნალობა გამოკვეთილი სიმპტომებით მიმდინარეობს, რატომ არ შეიძლება პრევენციის მიზნით რომელიმე მედკამენტი გამოვიყენოთ იგივე სიმპტომების წინააღმდეგ და პაციენტის მდგომარობა ორმხრივ პნევმონიამდე არ მივიდეს?
- ნებისმიერი ინფექციური დაავადების პრევენციის ერთადერთი გარანტირებულად ეფექტური საშუალება არის ვაქცინა. სამწუხაროდ, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ჯერ არ არსებობს ვაქცინა. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პრეპარატი ახდენს ინფექციის მძიმე ფორმების, იგივე ორმხრივი პნევმონიის, განვითარების თავიდან აცილებას.
- არ ვიცი, ეფუძნება თუ არა მტკიცებულებებს, მაგრამ გამოითქვა მოსაზრება, რომ არსებობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვირუსის გამრავლებას.
- დიახ, გამოითქვა მოსაზრება, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, იბუპროფენი, რომელსაც ხშირად იყენებენ სიცხის დამწევად, დაკავშირებულია დაავადების გართულებულ მიმდინარეობასთან. ეს მოსაზრება ემყარება არსებულ მონაცემებსა და გამოცდილებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც გაავრცელა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მყარი მტკიცებულებაა, რადგან საჭიროა, უფრო ღრმა და დეტალური ანალიზი, რაც დროს მოითხოვს. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, სიფრთხილის მიზნით უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო რისკები და პაციენტებმა სიცხის დამწევად გამოიყენონ პარაცეტამოლი და არა იბუპროფენი. თუმცა, ასეთ დროს, ნებისმიერი მედიკამენტის თვითნებურად მიღებას, სჯობს კონსულტაციისათვის მივმართოთ ექიმს.
- ჩინეთის გამოცდილებიდან ვიგებთ, რომ არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომელიც ეფექტიანი აღმოჩნდა მკურნალობის დროს. სხვათა შორის, საუბარია არბიდოლზე, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია.
- არბიდოლი არის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. ეს პრეპარატი ყველა ქვეყანაში არ არის აღიარებული. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს პრეპარატი, ან რომელიმე ამჟამად გამოყენებული პრეპარატი ეფექტურია ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მკურნალობაში. ამის შესახებ მყარი მტკიცებულება არ გვაქვს. სამწუხაროდ, ეფექტური მკურნალობა ჯერ არ არსებობს. სამაგიეროდ, მიმდინარეობს რამდენიმე ახალი პრეპარატის კლინიკური კვლევები, რომლებიც გვიჩენებს, რეალურ სიტუაციაში რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს პრეპარატები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმედი ვიქონიოთ, რომ რომელიმე მათგანი გაამართლებს.