ENG / RUS       12+

საერთაშორისო გამოხმაურება რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.  

კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

"აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და  სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების  ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით  და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც  ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების  განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას  და ასევე  კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

თავის მხრივ, საქართველო, მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან  ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ნახეთ საერთაშიროსო საზოგადოების გამოხმაურება რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან.

"2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ("გრუ") სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი "ქვედანაყოფი 74455" და "ჭიაყელას" სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა.

ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია.

ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის "გრუ"-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.

კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-შეტევებს ეხმაურება და მას რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის, დომინიკ რააბის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ უტიფარი თავდასხმების კამპანია ყოვლად მიუღებელია.

"რუსეთის მთავრობას აქვს ცხადი არჩევანი: გააგრძელოს აგრესიული ქმედებები სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს". - აცხადებს დომინიკ რააბი.

დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს კიბერ-შეტევების ავტორთა მხილებას და მოკავშირეებთან ერთად მუშაობას რუსეთის საშიში ქმედებების აღსაკვეთად.

დანიის საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება:

"დიდი ბრიტანეთი და აშშ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სერიოზულ და მავნებლურ კიბერშეტევაზე ბრალეულობას რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ("გრუ") მიაკუთვნებენ.

დანია იზიარებს ღრმა შეშფოთებას რუსეთის დამანგრეველი კიბერსაქმიანობის შესახებ და განაგრძობს მშვიდობიანი, თავისუფალი, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის განვითარებას“ - წერს დანიის საგარეო უწყება.

ესტონეთის საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება:

"ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც 2019 წლის ოქტომბერში ვებსაიტებზე განხორციელებულ მსხვილმასშტაბიან კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთის GRU-ს აკისრებს.

ეს უტიფარი საქციელი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს სახელმწიფოს ქცევის მიღებულ ნორმებს და ამცირებს სტაბილურობას კიბერსივრცეში“, - წერს ესტონეთის საგარეო უწყება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება

"2019 წლის ოქტომბერს, ქართული მედიისა და სამთავრობო ვებგვერდების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, ლიეტუვა მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს მავნე კიბერმოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ", - ნათქვამია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:

"პოლონეთის მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ მსხვილმასშტაბიან კიბერშეტევასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვუერთდებით საქართველოს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის განცხადებებს, რომლებიც ამ შეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს აკისრებს" - წერს პოლონეთის საგარეო უწყება განცხადებაში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"ვიზიარებთ შეშფოთებას საქართველოში განხორციელებულ კიბეროპერაციებთან დაკავშირებით. პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მიერ ნორმების, წესების და პრინციპების დაცვა და პატივისცემა აუცილებელია, რათა კიბერსივრცეში საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნებულ იქნას“ - განაცხადა საგარეო მინისტრმა ერიკსენ სორეიდემ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება:

"ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2019 წლის 28 ოქტომბრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს პირველადი ექსპერტიზა, საფუძველი არ გვაქვს ეჭვი შევიტანოთ ჩვენი ამერიკელი და ბრიტანელი მოკავშირეების მიერ გაკეთებულ შეფასებაში",- წერს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა:

"შეშფოთებით ვუერთდები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ განცხადებებს. მკაცრად ვგმობ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ კიბერშეტევას, რაც არღვევს პასუხისმგებელი სახელმწიფოს ქცევის არსებულ ნორმებს, ანადგურებს ნდობას და საფრთხეს უქმნის კიბერსივრცეში სტაბილურობას", - განაცხადა მინისტრმა ენ ლინდემ.

მონტენეგრო უერთდება დიდ ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე სხვა პარტნიორებს და გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-შეტევებს.

"ვიზიარებთ შეშფოთებას ამ ქმედებების გამო, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და კანონზე დაფუძნებულ წესრიგს. საქართველო რჩება მონტენეგროს ღირებულ პარტნიორად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ-თავდასხმას ეხმაურება.

"ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სტაბილური, უსაფრთხო, ღია და თავისუფალი კიბერსივრცისთვის", - აღნიშნავს გუდლაუგურ თორ თორდარსონი Twitter-ის პირად გვერდზე.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმის გამო.

"რუმინეთი, თავის ტრანსატლანტიკურ და ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, სოლიდარობას გამოხატავს საქართველოს მიმართ უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში. რუმინეთი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას" - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიდერლანდების სამეფო იზიარებს საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმის შესახებ.

"მსგავსი ქმედებები არღვევს კიბერსივრცეში სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმებს, რაც შეთანხმებულია გაეროს ფორმატში და ავლენს საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებული წესრიგისადმი უპატივცემულობას", - აღნიშნულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კანადის საგარეო უწყება გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას:

"კანადა გმობს რუსეთის მავნებლურ კიბერ-მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ“ - წერს კანადის საგარეო უწყება საკუთარ ტვიტერ გვერდზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება.

"რუსეთმა კვლავ უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები. უკრაინა რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი და მოუწოდებს პასუხისგებაში მიეცეს ის, ვინც განზრახ აორგანიზებს და ახორციელებს კიბერ-შეტევებს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის განცხადებაში.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება.

"ავსტრალიის მთავრობა უერთდება საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის მიერ წინა წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული მავნებლური კიბერ-მოქმედების დაგმობაში", - ნათქვამია ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება:

"ლატვია უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობას 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ მასიური კიბერ-შეტევის დაგმობაში. კიბერ-შეტევა განხორციელდა საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის ვებსაიტებზე, ისევე როგორც სატელევიზიო არხებზე", - ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.