საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
მამუკა ბახტაძის თქმით, რუსეთი ჩვენი ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.
"რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული კიბერშეტევა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი ჩვენს მოქალაქეების ცხოვრებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას.
მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს ჩვენი უწყებების მიერ გამოძიებაში მხარდაჭერისა და ხმის ამაღლებისთვის", - წერს მამუკა ბახტაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებელია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.
კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული შეტევა დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, დანიამ, ჩეხეთმა, ნორვეგიამ, ლიეტუვამ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ.