დიდი ბრიტანეთის ორივე პალატამ - თემთა და ლორდთა პალატებმა ბრექსიტის კანონპროექტი დაამტკიცეს. დოკუმენტი ხელმოსაწერად გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს გაეგზავნება.
20 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ პარლამენტის ზედა პალატამ, ლორდთა პალატამ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებების შესატანად დოკუმენტი თემთა პალატას დაუბრუნა.
ლორდთა პალატის მიერ შეთავაზებული ცვლილებები, ბრექსიტის შემდგომ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეების მდგომარეობას შეეხებოდა.
თემთა პალატამ დოკუმენტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ლორდთა პალატა დათანხმდა კანონპროექტის უცვლელად მიღებას.
ბრექსიტის კანონპროექტი თემთა პალატამ 9 იანვარს დაამტკიცა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ევროკავშირიდან გასვლას 2020 წლის 31 იანვრამდე. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით.
ბორის ჯონსონმა მთავრობას ამ საქმიანობისთვის წლის ბოლომდე მისცა ვადა.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების რატიფიცირება ევროპულმა პარლამენტმაც უნდა მოახდინოს. როგორც ვარაუდობენ, ეს შესაძლოა 29 იანვრის სხდომაზე მოხდეს.