კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით, პირველადი საჭიროების დასაკმაყოფილებად 25 000 დოლარი გადაეცემათ.
მისივე თქმით, ეს დახმარება მხოლოდ დასაწყისია იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც ფასდაუდებელი ტკივილი განიცადეს.
"მე მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოველით ირანის მხრიდან მსხვერპლთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გამოყოფას", - დასძინა ჯასტინ ტრუდომ ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევს 8 იანვარს მიემგზავრებოდა, თეირანში, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 2 წუთში ჩამოვარდა.
თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.
11 იანვარს, გამთენიისას, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა თვითმფრინავის ჩამოგდება და ამას ადამიანური შეცდომა უწოდა.