ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც ჯერ კიდევ ხანძრის რამდენიმე კერაა, გაწვიმდა. იუწყება BBC-ი.
მიუხედავად იმისა, რომ წვიმის მოსალოდნელი მოცულება ხანძრების სრულად ლოკალიზებისთვის არ იქნება საკმარისი, იგი დიდ შვებას მისცემს მოსახლეობასა და მეხანძრეებს, რომლებიც რამდენიმე თვეა დაუღალავად ებრძვიან ხანძარს.
მოელიან, რომ წვიმა მელბურნში ჰაერის მცირედით გაწმენდას მაინც მოახერხებს, რომელიც ხანძრის შედეგად გამოწვეული კვამლის გამო მკვეთრად არის გაუარესებული.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ამ ნაწილში წვიმიანი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ხანძრებმა ავსტრალიაში, რომელიც სექტემბრიდან მძვინვარებს, 28 ადამიანი იმსხვერპლა და 2000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
სიდნეის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ავსტრალიაში ტყის ხანძრებს მილიარდამდე ცხოველი ემსხვერპლა.
ევროკავშირის კოპერნიკის მონიტორინგის პროგრამის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ატმოსფეროში 400 მეგატონა ნახშირორჟანგი გამოიყო. ექსპერტების აზრით, ხანძრების უპრეცედენტო მასშტაბი და ინტენსივობა კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული.