შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეამცირა იმ თანამდებობის პირთა რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ მოუსმინონ პრეზიდენტის სატელეფონო საუბრებს სხვა ქვეყნების ლიდერებთან. იტყობინება CNN-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით.
ამიერიდან ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენის შესაძლებლობა მხოლოდ მის მიერ დანიშნულ მაღალჩინოსნებს შეეძლებათ.
ესენი არიან ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიანი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მიკ მალვანი და მისი მოადგილე რობ ბლერი.
CNN-ის წყაროები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ინფორმაციის გაჟონვის პრევენციის გამო მიიღეს.
მათივე განცხადებით, შეიზღუდა ასევე წვდომა სატელეფონო საუბრების სტენოგრამაზეც.
თეთრი სახლის ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ დაკავშირებულია ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრით გამოწვეულ სკანდალთან, რამაც დასაბამი დაუდო კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.