გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის "დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით" პრეზენტაცია წინანდალში, სასტუმრო "პარკ ჰოტელში" გაიმართა.
პროექტის მიზანია, დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციებისა და დაცული ტერიტორიების მართვის გეგმების შესაბამისად.
"აღნიშნული პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია სააგენტოსთვის შესაძლებლობების განვითარების და ახალი სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. მოგეხსენებათ, სააგენტოში 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის რამდენიმე ასეული რეინჯერი, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და უნარების განვითარება ჩვენ მუდმივ ამოცანას წარმოადგენს.
პროექტის მიზნები ორიენტირებულია გრძელვადიან, მდგრად სარგებელზე, რის პოზიტიურ შედეგსაც მომავალში ყოველწლიურად ვიგრძნობთ“ - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა თამარ ხახიშვილმა.
პროექტი "დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით" 14 თვის განმავლობაში "მმართველობის რეფორმის ფონდის" პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება.