"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა იგეგმება. მთავარი განსახილველი საკითხი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.
უმრავლესობის ლიდერები კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და დარწმუნებული არიან, რომ ინიციატორები მის დამტკიცებას ვერ შეძლებენ. ავტორები კი ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. 10 მაჟორიტარის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს 113-ი დეპუტატის ხმა ესაჭიროება.
იდეის ერთ-ერთი ავტორის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი ამერიკული მოდელია, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უზრუნველყოფს. პროექტის მიხედვით, პარლამენტი ორპალატიანი გახდება, რომელიც მაჟორიტარული პრინციპით აირჩევა.