ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს მის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ვიდეომიმართვას საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს.
"მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნელივ გაათავისოფულოს ექიმი გაფრინდაშვილი, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევს ადამიანებს ტერიტორიაზე, სადაც ეს ხელმისაწვდომი არ არის. ექიმი დადებულ ფიცს ასრულებს. თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს", - ამბობს ესტოენთის ყოფილი პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, 9 და 11 ნოემბერს საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. მათ შორის არიან 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები ვაჟა გაფრინდაშვილი; 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები რამაზ ზადიშვილი.
1977 წელს დაბადებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მცხოვრები დავით მიშელაშვილი და 1956 წელს დაბადებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს მცხოვრები ზურაბ ტუხიაშვილი.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გუშინ, 17 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობოს ინტეგრაციის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპროტესტო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს.
18 ნოემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში მოინახულა.
გუშინ, 19 ნოემბერს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით მორიგი პროვოკაციული განცხადება გაავრცელა.