შეერთებული შტატები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებული ებრაულ დასახლებებს კანონიერად მიიჩნევს, რითაც ის უარყოფს შტატების წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოზიციას, რომელიც ისრაელის საქმიანობას აღნიშნულ დასახლებებში საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებდა.
შეერთებული შტატების ახალი პოზიციის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.
ამასთანავე, სახელმწიფო მდივანი დასძენს, რომ იორდანეს სანაპიროს სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მეშვეობით უნდა გადაწყდეს.
იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების არსებობა და გაფართოება ისრაელ-პალესტინის ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური და ამავდროულად მწვავე საკითხია. პალესტინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ დასახლებების კანონიერების საკითხს.
ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ისრაელის საერთაშორისო ურთიერთობებში.
პალესტინლების აზრით, ებრაული დასახლებები მიმართულია იმ ტერიტორიაზე კონტროლის გასაძლიერებლად, რომელსაც პალესტინელები საკუთარ სამშობლოდ და სახელმწიფოდ მოიაზრებენ და რომლისთვისაც უკვე ათწლეულებია ბრძოლა გრძელდება.