"იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანა და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, ხოლო ეროვნულ ანგარიშთა ხსენებული სისტემა მხოლოდ 80-ს აქვს, ქართველ სტატისტიკოსთა ძალისხმევას, რომელშიც მათ დანიელი, უნგრელი და ლიეტუველი და ევროკავშირის ზოგიერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, წერს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე.
როგორც ცნობილია, დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.
"ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფაქტი - სტატისტიკოსთა კოლექტივის მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგი, სცილდება ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი, უწყების ინტერესთა და რეპუტაციის სფეროს და იგი საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენად უნდა მივიჩნიოთ.
ეროვნულ ანგარიშთა სისტემა - ის სისტემაა, რომელსაც ეყრდნობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველი სახელმწიფოს მაკროეკონომიკური, სექტორალური თუ დარგობრივი საქმიანობის შედეგების ამსახველი ინდიკატორები. მისი მეშვეობით ყალიბდება რიცხვები, მონაცემები, რომლებიც შემდეგ ხდებიან პოლიტიკოსებიდან დაწყებული და რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, დასკვნების, შეფასებებისა და მოქმედების მნიშვნელოვანი საფუძვლები. ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც გავიმეორებ: არასწორ და არასრულ ინფორმაციას ყველაზე მოკლე გზით მივყავართ არასწორ დასკვნებამდე და არარაციონალურ მოქმედებამდე, რომლის საზღაური რეალური მასშტაბების დადგენა შემდეგ საკმაოდ ძნელი ხდება.
ეროვნულ ანგარიშთა ბოლო მეთოდოლოგია, აღნიშნული სისტემის შემოღების შემდეგ რიგით მეოთხეა (SNA 2008). წინა მეთოდოლოგიები მიღებული იქნა, შესაბამისად, 1953, 1968 და 1993 წლებში და ისინი პასუხობდნენ იმ რეალიებს, გამოწვევებს, რომლებიც განვითარების იმ ეტაპზე წარმოიქმნებოდნენ ეკონომიკაში.
ანალოგიურად, ამჟამინდელი, მეოთხე რედაქცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებების და საბაზრო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპის ამსახველი პროცესის ადექვატურია. იგი ითვალისწინებს ეკონომიკური ინდიკატორების გაანგარიშების ახალ მონაცემებს, ახალ წყაროებსა და ახალ წესებს. საქართველოს საგარეო ეკონომიკური კავშირები მოითხოვენ ინფორმაცის იმ სტანდარტებითა და ფორმატით წარმოებას, რომლებითაც აპელირებენ საერთაშორისო მასშტაბით. აუცილებელია ქვეყნის ზ\უსტი პოზიციონირება მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში, შესაბამისი სტრატეგიისა და ეფექტიანი პოლიტიკის საწარმოებლად. თანაც, აღნიშნული მეთოდოლოგია ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველომ მოაწერა ხელი.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანა და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, ხოლო ეროვნულ ანგარიშთა ხსენებული სისტემა მხოლოდ 80-ს აქვს, ქართველ სტატისტიკოსთა ძალისხმევას, რომელშიც მათ დანიელი, უნგრელი და ლიეტუველი და ევროკავშირის ზოგიერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
გაანგარიშების მეთოდიკის ამჟამინდელი დაზუსტება უკავშირდება იმ ფინანსური ოპერაციების დაზუსტებულ და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიხედვით უნიფიცირებულ, ერთნაირი წესით გაანგარიშების აუცილებლობას, რომლებმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდი როლის შეასრულეს: ა) ფინანსური ოპერაციების, კერძოდ, საფინანსო შუამავლობის განხორციელების; ბ) ჩრდილოვანი (დაუკვირვებადი) ეკონომიკის მასშტაბების და გ) საცხოვრისის პირობითი რენტის განსაზღვრაში.
რას იძლევა ახალი მეთოდოლოგია? მოკლედ თუ ვიტყვით - უფრო სრულ, ადეკვატურ და ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანის ეკონომიკაზე, მის მთლიან შიგა პროდუქტზე და ამ უკანასკნელის ცალკეულ კომპონენტებზე. სხვა ქვეყნების ანალოგიურად, სადაც ახალმა მეთოდოლოგიამ ამ ქვეყნების ფაქტობრივი, მანამდე ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული მშპ მნიშვნელოვნად გაზარდა (ნიდერლანდებში - 7.6%-ით, შვეიცარიაში - 5.9%-ით, სომხეთში - 6.6%-ით, მოლდოვაში - 18.8%-ით და ა.შ. ), საქართველოშიც მშპ გაიზარდა, მათ შორის ბოლო, 2018 წლის - დაახლოებით 8.6%-ით - 44,6 მილიარდ ლარამდე, ნაცვლად ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული 41,1 მილიარდი ლარისა. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშების ახალ სტანდარტზე გადასვლამ მოსახლეობის ერთ სულზე მშპ გაზარდა 376 აშშ დოლარით (8.7%-ით), რომელმაც ვალუტის ოფიციალური კურსით 4722 აშშ დოლარს მიაღწია. გაიზარდა ქვეყნის მშპ-ის ზრდის ტემპიც - ნაცვლად ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი 4.7%-სა 2018 წელს ახალი მეთოდოლოგიით დაფიქსირდა მივიღეთ 4.8%.
ახალმა მეთოდიკამ შეცვალა ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურაც: რამდენადმე შემცირდა მრეწველობისა და ვაჭრობის წონები, ხოლო გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების, აგრეთვე სოფლის მეურნეობის წილები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური თავისი საქმიანობით, წესით და ფორმატით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სტანდარტებთან ერთერთი ყველაზე ახლოს მყოფი ინსტიტუციაა. იგი ფეხს უწყობს აღრიცხვის თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს. სპორტული ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, ბურთი ეხლა უკვე სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებზეა, რომლებსაც მაგალითად უკვე აქვთ ინფორმაციით სარგებლობის, გამოყენებისა და რაც მთავარია, დასკვნების გაკეთების ევროპული კულტურა", განმარტავს იოსებ არჩვაძე.
ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ მეთოდოლოგიაზე (SNA 2008) გადასვლასთან დაკავშირებით, საქსტატმა 15 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ღონისძიება გამართა, სადაც საზოგადოებას წარუდგინა ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური თავისებურებები, მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების განახლებული მონაცემები.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბატონმა სელიმ ჩაკირმა და დანიის სტატისტიკის სამსახურის ეკონომიკური სტატისტიკის დირექტორის მოადგილემ ბატონმა მარტინ აუსკერმა. ბატონმა აუსკერმა მოწვეულ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი სტანდარტის (SNA 2008) დანერგვის მეთოდოლოგიური თავისებურებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.
„ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადასვლა გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას, ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ევროკავშირის ქვეყნებმა 2014 წლიდან დაიწყეს. მათ რიგებს 2015 წლიდან შეუერთდა სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ბელორუსი. დღეის მდგომარეობით აღნიშნული სისტემა (SNA 2008) მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია დანერგილი“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. მისივე თქმით, ქვეყნების გარკვეული ნაწილი, კვლავ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წინა ვერსიით (SNA 1993) ხელმძღვანელობს.
ეროვნულ ანგარიშთა სისტემა წარმოადგენს ინტეგრირებული მაკროეკონომიკური ანგარიშებისა და ბალანსების ერთობლიობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, კლასიფიკაციებს და აღრიცხვის ზოგად წესებს. მისი მეთოდოლოგიური საფუძველია გაეროს, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სახელმძღვანელო (System of National Accounts (SNA), 2008).
ეას-ის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები, საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით, საქსტატში 2017 წლიდან მიმდინარეობდა. ამასთან, მიმდინარე წელს აღნიშნულ სტანდარტებზე გადასვლა გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმით.
ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე (SNA 2008) გადასვლამ ეროვნულ ანგარიშებში მთელი რიგი ცვლილებები განაპირობა, რაც ერთის მხრივ უკავშირდება ახალი სტანდარტის შესაბამისად სხვადასხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა გაანგარიშებას, ხოლო მეორეს მხრივ მონაცემთა წყაროს არსებით გაუმჯობესებას, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.
ეას-ის ძველსა და ახალ მეთოდოლოგიას შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან. მონაცემთა წყაროს გაუმჯობესების სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებას და მაჩვენებელთა ხარისხის გაუმჯობესებას.
როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ყოველივე ზემოთქმული განაპირობებს მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების საერთო დონის ზრდას. ამასთან, წინა პერიოდის მაჩვენებლებთან ჰარმონიზების მიზნით, ხორციელდება წინა ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება.
ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული მშპ და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატები საქსტატმა დღეს, 15 ნოემბერს გამოქვეყნა. იმავდროულად, 2010 წლიდან განაახლა ისტორიული მწკრივი.