საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
"საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბ-ნი დიეგო კოლასი 2019 წლის 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ტერიტორიასთან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს ეწვია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის თანხლებით.
მანამდე ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალურ ოფისს ესტუმრა და აღნიშნული ბიუროს გუნდს შეხვდა.
ბ-მა კოლასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას, რომლის საქმიანობაც, აღნიშნულ რეგიონში არსებული რთული ვითარების პირობებში, დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებას უწყობს ხელს", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.