ესპანელი დიქტატორის ფრანსისკო ფრანკოს ნეშტი დაცემულთა ხეობიდან გადაასვენეს. მას ელ-პატროსთან 50 კმ-ში მდებარე მადრიდის სასაფლაოზე ცოლის გვერდით დაკრძალავენ.
გადასვენების პროცესზე მედია არ დაუშვეს, აკრძალული იყო ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება. ცერემონიას ფრანკოს ნათესავები ესწრებოდნენ. გადასვენების პროცესს მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზია გადასცემდა. ფრანკოს ნათესავებმა მისი კუბო მხრებით გამოასვენეს, „გაუმარჯოს ფრანკოს“, - ყვიროდნენ ისინი ამ მომენტში.
დიქტატორის ნეშტი ვერტმფრენით გადაასვენეს.
ცერემონიაზე იმყოფებოდა ფრანკოს უფროსი შვილიშვილი ფრანსის ფრანკო, ასევე იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემდსრულებელი დოლორეს დელგადო და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი.
ფრანკოს ოჯახმა გადასვენება სასამართლოში გასაჩივრა, თუმცა პროცესი წააგო. მათ გააპროტესტეს დაკრძალვის ადგილიც და მოითხოვეს ფრანკოს ნეშტი დედაქალაქის ცენტრში მდებარე ალმუდენას კათედრალში გადაესვენებინათ, თუმცა სასამართლომ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ფრანკო 44 წლის წინ გარდაიცვალა. მაშინ ის დაცემულთა ხეობაში (Valle de los Caídos) დაკრძალეს. მავზოლეუმის მშენებლობაში პოლიტპატიმრებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც ფრანკოს რეჟიმი იძულებით ამუშავებდა. იქ დაკრძალულია 1936-39 წლებში, სამოქალაქო ომში დაღუპული 30 000-ზე მეტი ადამიანი.