საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის მიზანია ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკეული დარგის ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი ბიზნესისა თუ სახელმწიფოსთვის, ბიზნეს პროცესების გამარტივებისა თუ უსაფრთხოებისთვის. ასოციაციის მიზანია ასევე, იმ კვლევების ხელშეწყობა, რომელიც საქართველოში ამ პოტენციალის გამოვლენის და განვითარების საშუალებას იძლევა.
პირველად საქართველოში, ახლადდაფუძნებულმა AI Georgia-მ წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევა, რომელსაც ქართული ხელოვნური ინტელექტის Digital Mind-ის შემქმნელი, გიორგი ჩახნაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელშეწყობით განახორციელებს. ასოციაციის პრეზენტაციაზე მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის უნიკალურობა, ამოცანები, მიზნები. ამის პარალელურად, მან დაინტერესებული მეცნიერები კვლევაში ჩართვისთვის მოიწვია.
კერძოდ, ის მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეთოდებს ნახევრად-სტრუქტურული საიტებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენება. გამოყენებული იქნება ახლებური "ღრმა სწავლების" მეთოდები, როგორიც არის იერარქიული ყურადღების მექანიზმით აღჭურვილი ნეირული ქსელები. მსგავსი პროგრამები ხშირად მოთხოვნადია კომპანიებისგან, რომლებიც დაინტერესებულები არიან მარკეტის კვლევაში, რადგან მათი აპლიკაციები მოიცავს მსგავს პროცესებს, როგორიც არის ავტომატიზირებული პროდუქტის ინფორმაციის ანალიზი (მაგალითად, ინტერნეტის დიდი ნაწილიდან ყველა პროდუქტის და მათი ინფორმაციის მოპოვება).
გაცხადებული მიზნისთვის, AI Georgia პირველი იქნება, რომლებიც BTU-ს სიმბოლურად 2500 ლარიან ვაუჩერს გადასცემს, რომელსაც თავის მხრივ უნივერსიტეტი დამატებითი მოტივაციისთვის სწორედ ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ სტუდენტებს სტიპენდიის სახით გადასცემს.