შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება, ცოტა ხნის წინ გარცელებულ ინფორმაციას, თურქეთის მიერ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
"დიდებული ამბებია თურქეთიდან. ერდოღან, მადლობა. მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინე", - დაწერა ტრამპმა.
შეგახსენებთ, თურქეთი დათანხმდა დროებით შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია სირიაში. ამის შესახებ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომელიც ანკარაში იმყოფება, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან შესახვედრად. იტყობინება BBC-ი.
თუ რაზე შეთანხმდნენ შეერთებული შტატები და თურქეთი, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, ამ დრომდე უცნობია.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო", 9 ოქტომბერს დაიწყო.
ანკარა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.
სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს, ასევე, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.