ENG / RUS

ლამზირა ჩხეიძე - 90

საბა მეტრეველი - თვალებში კი, მის თვალებში, იბარურის ცეცხლის ელავს!

ქართული ხელოვნების ამაგდარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ლამზირა ჩხეიძე 90 წლისაა. ალბათ, ვერ იცანით. დიახ, ეს ქალბატონი ლამზირას შეცვლილი იმიჯია. ის ასე ხვდება დიდ იუბილეს. მოგეხსენებათ, სიცოცხლის 90 შემოდგომა არ არის ცოტა, თანაც მაშინ, როცა ეს ვრცელი გზა საინტერესოდაა განვლილი, როცა უკან მოხედვის არ გეშინია და არც დიდი იმედები გიღიმიან სამომავლოდ. ახლა ლამზირა ჩხეიძე გარდასულ დღეთა მოგონებებით ცხოვრობს. იხსენებს: 62 წელი როგორ იდგა რუსთაველის თეატრის სცენაზე - მასიური სცენებიდან, ეპიზოდებიდან დაწყებული მთავარი თუ მეორეხარისხოვანი როლებით დამთავრებული. რას არ გაუძლო, რამდენ გარდაქმნასა და თეატრალურ ინტრიგას შეესწრო, მაგრამ არასდროს გარეულა დაპირისპირებებსა და სკანდალებში, თავისი გზით მიუყვებოდა ცხოვრებას; იყო სიხარული, ტკივილიც, მაგრამ ახლა ყველაფერი მაინც ლამაზ ფერებად, დიდ მონატრებად დარჩა!

ანთებული თვალებით იხსენებს თავის საყვარელ როლებს სპექტაკლებიდან: მოცეკვავე გოგონა შლერის „ყაჩაღებში“ აკაკი ვასაძესთან ერთად; „ახალგაზრდა მასწავლებელში“; „ბებერ მეზურნეებში“; „მეტეხის ჩრდილში“;  „სამანიშვილის დედინაცვალში“; თავის ოფელიას „ჰამლეტში“;  მებრძოლ და ვნებიან ანგელას; ოლინკას - „ოჯახში“, დედას - „საბრალდებო დასკვნაში“ და ცოლს - „კავკასიურ ცარცის წრეში“. ამ უკანასკნელით მსოფლიოს 30 ქვეყანა მოირა. ბოლო სცენური ნამუშევარი ახმეტელის თეატრში შედგა - ბებია, ლალი კეკელიძის  სპექტაკლში „იქ, სადაც ჩემი სახლია“ (2010 წ.).

ტექნოკრატიისა და მშრალი პრაგმატიზმის ეპოქაში, უსულგულობისა და სრული დეჰუმანიზაციის ხანაში, ახლა აქ, ჩვენ გვერდით, დადის ამ ყოფისთვის, ალბათ, სრული ანაქრონიზმი, - სულით რომანტიკოსი, განცდისა და გარდასხვის თეატრალური ესთეტიკის შვილობილი, მორიდებული, თავმდაბალი, მორცხვი, მაგრამ პრინციპულად ერთგული თავისი თეატრალური მრწამსისა და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა. ლამზირა ჩხეიძეს თან დაჰყვება რუსთაველის თეატრის 62 წლის ისტორია, ფაქტობრივად, ქართული თეატრის ცოცხალი მატიანე! ის იმ გუშინდელი დღის მსახიობია, ურომლისობასაც განიცდის ყველა, ვისაც ენატრება დღესასწაული თეატრში, ვინც ჯერ კიდევ ვერ შეელია რომანტიკულს, მშვენიერსა და ამაღლებულს სცენაზეც და ცხოვრებაშიც!

წელს წიგნად გამოვიდა მსახიობის მშობლების - დავით ჩხეიძე-თურდოსპირელისა და ალექსანდრა (სანიკო) კრემენსკაიას სასიყვარულო წერილები, რომლებიც დიდი რუდუნებით ჰქონდა შენახული ქალბატონ ლამზირას. ბოლო სამი წელი განუწყვეტლივ მუშაობდა ამ არქივზე, მოაგროვა, დაალაგა, გადმოწერა ბარათებიდან, გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილიც დაურთო - ეს წიგნი მისი ცხოვრების გვირგვინად იქცა.

გთავაზობთ უნიკალურ გამოუქვეყნებელ მასალას, ფრაგმენტებს მამის - დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის ჩანაწერებიდან ლამზირა ჩხეიძის შესახებ:

„ვერ იქნა და ვერ ამოვირჩიეთ ქალის სახელი. გვინდოდა რქმეოდა ისეთი რამ, რაც მუსიკალურიც იქნებოდა და დიდი, დიდი აზრის მატარებელიც. დავიწყეთ ომელადან. ომელა ძალიან მოგვწონდა, მაგრამ ომელა ხომ ფითრია, პარაზიტი _ და, აბა, ჩვენს გოგონას ფითრობას ვკადრებდით? ერთხანად მინდოდა დაისა დამერქმივნა, რადგან ჩემი ცხოვრების ასაღამურობისას, თითქმის მწუხრისას დაიბადებოდა, მაგრამ... მის ბებიკოს (სოფიო ზახაშვილი - ს.მ.) უფრო ნისლია მოეწონა, მეც ჭკვაში მომდიოდა, რადგან ისევ და ისევ მწუხრის ნისლებს მაგონებდა, მაგრამ ეს სიტყვა მაინც არ მოგვეჩვენა ისეთად, როგორც გვენატრებოდა... რაკი მისი დედიკო პოლონელთა ნაშიერია, დაე, სიტყვას აღენიშნა ორივეს შთამომავლობა _ დედმამის ტომების I ინიციალების შენაწევრებისაგან მივიღეთ ახალი სახელი, პოლქარ, ქართლპოლი _ ეხ, რა უხეიროა, რა არა კეთილხმოვანია! არა, სჯობია სვანების დიადი მოძახილის, დიადი ჰიმნის _ ლილეს სახელი დაგვერქვა. ორიოდე კვირა ამ სახელს წარმოვთქვამდით სხვადასხვა სინაზით... ლილეო, ლილეო, ლილეო... გაისმოდა ხან სანიკოს და ხან ჩემი შეალერსება... და... ყველაფერსა აქვს თავისი ბედიო და ამ სიტყვას მაინც ვერ აღმოვუჩინეთ, ვერ მოვუნახეთ ისეთი რამ, რომ გამაბედნიერებელ სახელად ჩაგვეთვალა. კინაღამ `ვეფხისტყაოსნის~ პირველი ასოების შენაწევრება არ დავარქვით... `ვეტა~ _ ეჰ, აბა, რასა ჰგავს ეს ვეტა... ვფურცლავ სახელოვანი მეცნიერის, ვანო ჯავახიშვილის ,`ქართველი ერის ისტორიას~ _ ვკითხულობ თავს `საქართველოს წარმართობას~. უცბად მაგონდება, რომ საქართველოს მითოლოგიაში მეტად საინტერესო, მეტად საგულისხმო ქალღმერთი გვყავს _ `ლამზირი~ _ `ლამზირი~... ძალიან მოგვწონდა ეს სიტყვა `ლამზარ~ როგორც თავისი ბგერებით, ისე შინაარსით, საიდანაც წარმართული მზეობა და დედამიწისადმი ჯანსაღი სიყვარულის მგრძნობელობა მოირხევა, და ვარჩიეთ, `ლამზარ~ ვუწოდოთ ახალ ეპოქების გასაყარზე დაბადებულ ჩვენს გოგონას... არ კი ვიცით, ხვალ და შემდგომაც მოგვეწონება ეს სახელი თუ არა“...

30/XII-30 წ.

დღეს დილას სანიკო გავაცილე გურჯაანში. კვლავ მასწავლებლობას აპირებს. როდესაც სადგურიდან მოვბრუნდით, ლამზირამ მითხრა: `დედიკო გურჯაანში წავიდა. მომიტანს ტიკინას...

22/I-31

ლამზირას მოსწყინდა ტიალი ზამთარი და მეუბნება: `ჩქარა წავიდეს ზამთარი, მოვიდეს გაზაფხული, დავკრიფოთ ყვავილები, პეპლები~.

წეღან წიგნები გადმომიყარა. ვუსაყვედურე. ახლა მეუბნება: მე ცუდი ვარ, გადმოგიშალეო. ამ ოთხიოდე თვის წინ ლამზირამ დაიწყო თავის გაკრიტიკება: როცა რამეს დააშავებს, თვითვე შეაფასებს ხოლმე თავის მოქმედებას და იტყვის `მე ცუდი ვარ, ცუდი!~

11/II-31 წ.

ლამზირა უკვე ერკვევა ფერებში და თავის სახელებს უწოდებს: თეთრი, წითელი, მწვანე, ყვითელი. წეღან მითხრა: მამიკო, მწვანე წინდები ჩაიცვი, ყვითელი არაო. ლამზირას ხშირად მოენატრება ხოლმე თავისი დედიკო და მეხვეწება: `მამიკო, წადი გულჯაანში და დედიკო მომიყვანეო~!

6/IV-31 წ.

დღეს პირველად შემოვიდა ჩვენს ოთახში მეზობლის ციცა და ლამზირა აღტაცებით ცას ეწია... მთელი დღე მას ეალერსება, აღწერს მის გარეგნობას, მოქმედებას, ორი თვალი აქვს, ცხვირი, ყურები, ფეხებიც აქვს. `მეძახის, მეძახის _ ლამზირა, ლამზირაო~ და, როცა ციცა პურს არ სჭამს, ლამზირას ცრემლები მოსდის: `ტირის, ტირის ფისო, საწყალი ფისო~.

25/III-31 წ.

ლამზირა ბუნებას განსაკუთრებით ესიყვარულება. მზეზეა შეყვარებული, სულ მზეს ეალერსება. გუშინწინ ქარი რომ იყო და მზე ძლივს ანათებდა, შედგა თავის სკამზე, რომ მზისკენ გაეხედა და მიმართა: `გენაცვალე მზეო, მცივა, მცივა, მზეო, მოდი, მოდი ჩემთან, მზეო, გენაცვალე, მზეო~... ასე გგონია, ლექსიაო... ეს ხომ საგალობელია მზისა... ეს ხომ მზის პოეზიაა... ვინ იცის, მგოსანი გამოვიდეს... რაც უნდა გამოვიდეს, გრძნობა კი ექნება თავის ცხოვრების მესაჭედ... ეს უეჭველია _ ეს ხომ ჩაჰფერფლავს, მთლად წვას მიეცემა _ გრძნობათა წვას.

...ვუყურებ მე ლამზირას, რომელიც იტანჯება და ვამბობ: `საწყალი ბალღი~. ლამზირა თაკილობს ჩემს სიტყვებს და ამბობს: `მე საწყალი არა ვარ!~

ლამზირას ნატვრა

ჯერ ცხრა წლისა არც კი არის

ეს ლამზირა ცუგრუმელა,

თვალებში კი, მის თვალებში

იბარურის ცეცხლი ელავს.

ესპანეთზე ოცნებობს და

მათ რიგებში ბრძოლას ნატრობს,

რომ საზიზღარ ფაშისტ ფრანკოს

ტყვიით გული გაუფატროს.

თოფის სროლაც ისე იცის,

ვერა სჯაბნის მას ვერც დიდი,

ფიქრში გართულს ეჩვენება

ხან ტოლედო, ხან მადრიდი.

ჯერ ცხრა წლისა არც კი არის

ეს ლამზირა ცუგრუმელა,

თვალებში კი, მის თვალებში

იბარურის ცეცხლი ელავს.

ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე ქალის, დოლორეს იბარურის, ცეცხლი დღესც ელავს ლამზირა ჩხეიძის თვალებში. ის ისევ უკომპრომისო, შეუვალი, სიკეთისა და პრინციპებისთვის თავდადებულია. ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ყველაფერი მაინც თეატრით მთავრდება. აწუხებს მარტოობის მტანჯველი განცდა, რადგან მეგობრები, კოლეგები, ახლობლები აღარ არიან... არადა, რამდენ რამეს იტევს მისი მეხსიერება; მისხალ-მისხალ შეუძლია აღადგინოს ყველა დეტალი და წვრილმანი. ერთი კია, ცუდს ვერავისზე ათქმევინებ... ესეც მის არა მხოლოდ კეთილშობილებას ადასტურებს, არამედ - მაღალ ადამიანურ კულტურასაც, დღევანდელობისთვის ასე იშვიათსა და უცხოს!

და ახლა, ვიდრე მის მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაცია და დიდი იუბილეც გამართულა (ძალიან მალე),  გვინდა დავასწროთ სხვებს და ის ვუსურვოთ, რაც მისი სიცოცხლის აზრი, საზრისი და გამართლება იყო - დიდი შეხვედრა დიდ სცენაზე, მშობლიურ რუსთაველის თეატრში!