ENG / RUS

ჯონ და ჟაკლინ კენედები - სიყვარული, როგორც კომეტა

ჯონ და ჟაკლინ კენედები - სიყვარული, როგორც კომეტა

ჟაკლინის სიყვარული ჯონ კენედისადმი თავბრუდამხვევი და ტრაგიკული იყო. მის გარშემო სიძულვილისა და აგორებული ჭორების მიუხედავად, ამ საოცარმა ქალმა შეძლო, არა მხოლოდ პრეზიდენტის იდეალური ცოლი ყოფილიყო, არამედ სამუდამოდ დარჩენილიყო ამერიკელების მეხსიერებაში, როგორც ნამდვილი პირველი ლედი. ჟაკლინის მზერა იმ დროს, როდესაც კენედის ესროლეს, მისი სისხლით დასვრილი ჟაკლინის ჩჰანელ - ის ვარდისფერი კაბა და მისი ფრაზა, რომ უნდოდა ყველას ენახა, რა გაუკეთეს მათ, 1963 წლის ამერიკის სიმბოლოდ იქცა. 
ჟაკლინ ლი ბუვიე 1929 წლის ივლისში, არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები ფრანგები იყვნენ. ჟაკლინის ოჯახისთვის უცხო იყო სიმდიდრე და ფუფუნება, ამიტომ ისინი წარსულის კეთილდღეობით ცხოვრობდნენ. მსუბუქი ყოფაქცევის გამო მამამისს, ჯეკს, "შავი შეიხი" უწოდეს, დედა ჯენეტ ლი ბუვიე კი ქმარს გაშორდა, რადგან უამრავი ღალატი ვერ აპატია. 

ამაყ და არისტოკრატ ჟაკლინს ფულის საშოვნელად მუშაობა უწევდა. ჯონ კენედისთან შეხვედრამ მისი ცხოვრება შეცვალა. ჟაკლინს ჯონის კარიერა არ აინტერესებდა. ამ დროს ის უკვე პოლიტიკოსი იყო და სენატორად იყრიდა კენჭს. ჟაკლინს ეს ადამიანი, რომელიც მამამისს ძალიან ჰგავდა, უგონოდ შეუყვარდა. მათი რომანი თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდებოდა.

როდესაც ისინი დაქორწინდნენ. კენედის სახლში ცხოვრება ჟაკლინს აუტანლად ეჩვენებოდა. მას აღიზიანებდა ყველაფერი: სახლში უცხო ადამიანების გამუდმებული სტუმრობები. კენედის ოჯახის წევრების ფეთქებადი ტემპერამენტი, მუდამ დაკავებული ქმრის უყურადღებობა, თუმცა მან თავს სძლია, სახლში ყველაფერი კარგად აითვისა და ჯონის იდეალური მეუღლე გახდა. 

ამ დროს ჯონიმ სერიოზულად დაისახა მიზნად პოლიტიკური ოლიმპოს მწვერვალისთვის მიეღწია. 1954 წელს ის კონგრესში აირჩიეს. მაგრამ ქმრის წარმატება ჟაკლინის ქალიშვილის მკვდრად დაბადებამ გადაფარა. ჟაკლინი ცდილობდა, მწუხარება სახალხოდ არ გამოეხატა. 1957 წელს ჟაკლინს ქალიშვილი კაროლინა შეეძინა, 1961 წელს კი, როდესაც კენედი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტად აირჩიეს, ქვეყნიერებას მათი ვაჟი მოევლინა, რომელსაც მამის პატივსაცემად ჯონი დაარქვეს. 
ჟაკლინმა თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა, ის საჯაროდ გამოჩენას ყოველთვის გაურბოდა, ინტერვიუებს არ იძლეოდა, მაგრამ ყველას ხიბლავდა თავისი დახვეწილობით. ჟაკლინი მოდის კანონმდებელი და ელეგანტურობის ნიმუში გახდა. მისი წყალობით მოდაში შემოვიდა "შანელის" საქმიანი კოსტიუმები. ჟაკლინის კიდევ ერთი გატაცება ინტერიერის დიზაინი იყო, მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა რემონტი თეთრ სახლში. 

ყველაფერი დასრულდა 1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ვიზიტის დროს. 
ჯონ კენედის მკვლელობა არამხოლოდ ამერიკის ისტორიაში იყო განსაკუთრებული მოვლენა, ის ჟაკლინის ცხოვრებაშიც გარდამტეხი აღმოჩნდა. მომდევნო წლებმა სიზმარივით გაიარა, რომლის კულმინაციაც კენედების კლანის მეორე პირის მკვლელობა გახდა. 

ამის შემდეგ სამყარო საბოლოოდ დაინგრა. სწორედ ამ დროის შესახებ წერენ ჟურნალისტები და ბიოგრაფები, ჟაკლინს ადანაშაულებენ მარლონ ბრანდოსთან და კენედი-უმცროსთან რომანში, მას ალკოჰოლზე დამოკიდებულს, ნარკომანს, ავხორც და ახალგაზრდა ბიჭების მოყვარულ ქალს უწოდებენ. მისი ქორწინება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთან არისტოტელე ონასისთან კი ბიოგრაფებისა და ჟურნალისტების მიერ გაიგივებული იყო ჯონ კენედის მეორე მკვლელობასთან. თავად ჟაკლინისთვის კი ეს მხოლოდ უკანასკნელი ნაბიჯი იყო სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. 
ექვსი წლის განმავლობაში ჟაკლინი ონასისის კუნძულ სკორპიონზე ცხოვრობდა. ქმრის სიკვდილის შემდეგ კი საკუთარ თავში მონახა ძალა, ყველაფერი თავიდან დაეწყო. მან მუშაობა დაიწყო გამომცემლობა "ვიკინგ პრესში", რამდენიმე წლის შემდეგ გადავიდა გამომცემლობა "დაბლდეიში", სადაც თავისი შეუპოვარი ხასიათის წყალობით მალე მთავარი რედაქტორის პოსტი დაიკავა. 

ჟაკლინ კენედი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.


© საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი", მაკა სვიმონიშვილი